ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის საქმის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.
წინა პროცესზე, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ 11-ვე ბრალდებულს დამატებით სახაზინო ადვოკატს უნიშნავდა.
ბრალდებული 11 პირი ითხოვს სახაზინო წესით დანიშნული სამი ადვოკატის აცილებას, ამას ეთანხმებიან დანიშნული ადვოკატებიც, რომელთაგან ერთ-ერთმა, სალომე არტოდელმა განაცხადა, რომ ვერ დაიცავს დამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი და მას ნდობას უცხადებს.
“მე როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატს პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობები შევასრულო პირნათლად და უმაღლეს დონეზე. ამის გათვალისწინებით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა დროს ინიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი – საზოგადოებრივი ადვოკატი ინიშნება საქმეზე მაშინ, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
ამ შემთხვევაში, ყველა ვთანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას, მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. მნიშვნელოვანი აქ არის კიდევ ის, რომ თითოეულის ადვოკატი, ვისი ინტერესების დამცველ ადვოკატადაც მე დავინიშნე, დღეს გამოცხადებულია პროცესზე და მათი მხრიდან არანაირად არასდროს არ ჰქონია პროცესის გაჭიანურების სურვილის ადგილი.
შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ვეთანხმები ბიჭებს და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მოლოდინი არ აქვს იმის, რომ ვაი და რომელიმე ადვოკატი არ გამოცხადდება, საზოგადოებრივი ადვოკატები იქნებიან პროცესზე და განახორციელებენ დაცვას, იმიტომ, რომ ეს ფიზიკურად არც მოხდება, არც დავუშვებთ და არც მივესალმებით“, – თქვა სალომე არდოტელმა. (ტექსტი:პუბლიკა)