CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა ირანის ბირთვული ობიექტების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დაზვერვის ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ „ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტები ამერიკული დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.“
„CIA-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ სარწმუნო დაზვერვითი წყაროების ერთობლიობა მიუთითებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ბოლო მიზანმიმართული დარტყმების შედეგად“, – აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოიპოვა სანდო მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბოლო დროს განხორციელებული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა… მის აღდგენას წლები დასჭირდება“, – განაცხადა რეტკლიფმა.
ამასთან, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია:
„დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს იმას, რაც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა: ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია. თუ ირანელები აღდგენას გადაწყვეტენ, მათ სამივე ობიექტის (ნათანცი, ფორდო, ისპაჰანი) აღდგენა ნულიდან მოუწევთ, რასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება“, – დაწერა გაბარდმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.