ბრიტანულმა გავლენიანმა გამოცემა The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ბაჩიაშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათით ადრე გასაჯაროვდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობასა და გაქცევის დეტალებთან დაკავშირებით.
ინტერვიუში ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ციხეში განადგურებას უპირებდა.
ბაჩიაშვილის თქმით, ზუსტად იცოდა, რომ მას ციხეში მოკლავდნენ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი თანამშრომლისგან შეტყობინება მივიღე, რომ ივანიშვილმა თქვა: „მე მას ციხეში გავანადგურებ და ვაიძულებ ის გააკეთოს, რაც მე მინდა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილმა დეტალურად გაიხსენა გაქცევის ამბავი და თქვა, რომ გაქცევა იგეგმებოდა თვეების განმავლობაში. მისივე თქმით, გაქცევის დროს, მან ტელეფონი უკანა მხარეს, ჩანთაში დატოვა, რათა მასზე მოთვალთვალეებისთვის კვალი აერია.
გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა მას საქართველოდან გაქცევამდე ქართული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. როგორც ის „გარდიანთან“ ამბობს, რუსული პასპორტი ვადაგასული იყო და გაქცევამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსული პასპორტი ჩუმად განაახლა.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, გაქცევის გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან მან დაზუსტებით არ იცოდა, მიაღწევდა თუ არა წარმატებას.
„გაქცევა ადვილი არ არის, რადგან ფაქტობრივად ყველაფერს უკან ტოვებ. არ იცი, წარმატებას მიაღწევ თუ არა. მაგრამ ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი“, – ამბობს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მისი მოკვლის ბრძანების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
„ვშიშობ, რომ ჩემი მოკვლის ბრძანება შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომლებსაც სურთ ივანიშვილის უფრო სუსტი გახდეს. თუ მას მკვლელობაში დაადანაშაულებენ, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსია, რომ ის შეერთებულ შტატებთან ნორმალური დიალოგის წარმოებას შეძლებს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ინტერვიუს ჩაწერის დეტალებსა და ადგილსამყოფელზე, სადაც ბაჩიაშვილი და “გარდიანის” ჟურნალისტი ერთმანეთს შეხვდა, არ გასაჯაროებულა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.
2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
გარდა “კრიპტოვალუტის საქმისა” გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.