არაფერი უთქვამს გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციად, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა. საუბარია 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე, სადაც დღეს ჩვენება იურისტმა გელა ნიკოლაიშვილმა მისცა.
ჯაფარიძის შეფასებით, ნიკოლაიშვილის ჩვენება საქმისთვის არსებით გარემოებებს არ შეიცავდა და ძირითადად 1992 წლის მოვლენებსა და პრევენციული განცხადების მოტივაციას შეეხებოდა.
“არაფერი უთქვამს გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციად. მან თქვა, რომ დიდი შეცდომა იყო გადატრიალება როცა მოხდა საქართველოში 92 წელს და მას ჰქონდა ის მოტივაცია, რომ ანალოგიური არ განმეორებულიყო ჩვენს ქვეყანაში, რისი მოტივაციაც ყველას გვაქვს და რაც დაუშვებელია, როდესმე მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მან თქვა, რომ მას ჰქონდა პრევენციული მიზნით განცხადება, სხვა არაფერი უთქვამს და ისიც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანების უფლებები თუ ირღვევა, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების დასანქცირების მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა” – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
