ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ჩვენს ფსიქოლოგიაზე და “კოვიდ მაფიაზე”
1. სქემატურად თითქოს ძალიან ელემენტარულია შრომა – ანაზღაურებითი დამოკიდებულება. რაც უფრო კარგად იყიდება შენი ნაშრომი – ანაზღაურებაც მეტია. ამიტომ, ერთი შეხედვით, ყველა უნდა ცდილობდეს, რომ მეტი იშრომოს და თან ისეთი პროდუქტი შექმნას – კარგად გაიყიდოს და გამდიდრდეს! ხომ მარტივია თითქოს?? არა!
მოგვდევს საშინელი შლეიფი “სოვკური” ფსიქოლოგიის, ასე 30-იანი წლების, თანაც რუსული სფეციფიკით: “მთავარი ის კი არაა შენ გამდიდრდე – მთავარია მეზობლებიც შენსავით გაღატაკდეს და შენსავით ტლაპოში ჩამოგორდეს!”.. ამიტომაც, ყოველ ნაბიჯზე ვხვდები უსაქმური მოკაკუნეების ღვარძლს, წამყვანი, მათი აზრით მომაკვდინებელი და ამავე დროს სრულიად იდიოტური ტირადით: “ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან!!” ამას ამბობენ ყველაზე- ვაჭარზე, მშენებელზე, ფინანსისტზე და რადგანაც ახლა დაავადება გახდა ყველაზე აქტუალური – ახლა ექიმებს გვეუბნებიან ამას ყველაზე ხშირად! დიდი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ ამის მთქმელებს: კი, მართალი ხართ! ადამიანები ერთმანეთით ვცხოვრობთ და ერთმანეთით თუ არ ვმდიდრდებით – თავს მაინც ვირჩენთ.ისეთივე სისულელეა ექიმს უთხრა “ჩვენი დაავადებების ხარჯზე მდიდრდებით!”-ო, როგორც მასწავლებელს – “ჩვენი უცოდინრობის და სწავლების ხარჯზე მდიდრდებით”, ან მეპურეს – “ჩვენი შიმშილის ხარჯზე..”
კი ბატონო, იმაშიც მართალი ხართ – ვინც უფრო კარგი ექიმი, მასწავლებელი, მეპურე, კლინიკა, სკოლაა – მეტი კლიენტი და შემოსავალი აქვს! სახლში ჯდომას და ბოღმის ნთხევას არ აჯობებს რამეში დახელოვნდეთ, შექმნათ პროდუქცია და შემოსავალი გქონდეთ – იქნებ გამდიდრდეთ კიდეც! სხვათა შორის, სახლში მჯდარი ინვალიდებიც ვიცი, ვინც არ არიან ხელდაკრეფილები, შრომობენ და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ შეძლებულ ადამიანად ითვლება!
2. ახლა, ამ იდიოტიზმის უფრო სპეციფიკური ვარიანტი გამოგვიჩნდა ექიმებს: “კოვიდის ხარჯზე მდიდრდებით! კოვიდ მაფიაა!”…
მინდა დაწვრილებით ავხსნა: კოვიდი მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტით ფინანსდება და უმეტესად ისეთები მოთქვამენ “ჩვენს ფულს იპარავენო “- შაურიც რომ არა აქვთ შეტანილი სახ.ბიუჯეტში. თუმცა კარგიც უნდა ვთქვა ასეთ ადამიანებზე – რა მდიდარი ფანტაზია უნდა გქონდეს, რამენაირად გამოიყვანო გონებაში, რომ ვაქცინაცია ექიმებს ამდიდრებს! ანუ პროცესი, რომლის არცერთ ეტაპზე თანხა არ ჩანს, ბოლოში გამდიდრებს!!!
რაც შეეხება კოვიდ ავადმყოფების მკურნალობას, მინდა შეგახსენოთ და სახელმწიფო სამსახურში მყოფი ყველა მეგობარი დამემოწმება, რომ იმდენად საშიში, უპროგნოზო, ფინანსურად არამომხიბვლელი საქმე გახლდათ, რომ ქვეყანა იძულებული იყო, რომ დასაწყისში მკურნალობაში მხოლოდ სახელმწიფო კლინიკები ჩაერთო (რომელიც უარს ვერ ეტყოდა) და მხოლოდ ერთადერთმა კერძო კლინიკამ დაუჭირა მხარი და თავიდანვე მიიღო ავადმყოფი.
კოვიდის მკურნალობამ გამოიწვია კლინიკებში ინფრასტრუქტურის გადაწყობა, შარშან ამ დროს, სხვა მიმართულების ექიმები რამოდენიმე თვით შვებულებაში გავუშვით (თანაც გარკვეულ ანაზღაურებას ვუხდიდით). ძალიან ბევრი დრო დასჭირდება პანდემიის შემდეგ ყველაფრის აღდგენს- მათ შორის, სხვა სფეროში დაკარგული პოზიციების.
არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, შეიძლება სადმე რომელიმე სახელმწიფო მოხელემ ან საწყობის გამგემ რამე მოიპარა, “ფული გააკეთა”, მაგრამ თუ ამის გამკეთებელია- ნებისმიერ სხვა ვარიანტშიც გააკეთებდა, პანდემიის გარეშეც.
არათუ ჩვენს ქვეყანაში – კოვიდ მაფიის არსებობის არსად არ მჯერა! რა თქმა უნდა, მოითბო ხელი ამ სიტუაციით, პირბადეების, სასუნთქი აპარატების მწარმოებლებმა, მაგრამ ისინი პანდემიის ხანგრძლივობას ვერაფრით ვერ აკონტროლებენ და მხოლოდ მდგომარეობით სარგებლობენ ამოტომაც სისულელეა მაფიაზე საუბარი.
ექიმებზე უფრო მეტად არავის არა აქვს მობეზრებული ეს პანდემია! – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.