თავიდანვე ჩანაფიქრი იყო, რომ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ, როგორც ტერორისტები აკეთებენ, მძევლები აჰყავთ და შემდეგ ამ მძევლებს რაღაცაში ცვლიან ან უბრალოდ ყიდიან, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.
როგორც გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ იციან, ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს და ვითარებას, როდესაც ეს იქნება შესაძლებელი.
“თავიდანვე, როცა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო და 500-მდე პირი იქნა აყვანილი, ჩანაფიქრი იყო მარტივი, ერთი, საზოგადოების დაშინება, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოსულიყო და მეორე, რომ ამ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ. როგორც ტერორისტები აკეთებენ, მძევლები აჰყავთ და შემდეგ ამ მძევლებს რაღაცაში ცვლიან ან უბრალოდ ყიდიან და ფულს იღებენ. ეს ტექნოლოგიაა ახლაც. პირველი ამოცანა ვერ შესრულდა იმიტომ, რომ ამით ვერავინ ვერ შეაშინეს და ახლა უნდათ, რომ გაყიდონ. იმისათვის, რომ გაყიდონ ამ ადამიანების თავისუფლება, ვიღაც უნდა დაელაპარაკოს და შევიდეს ვაჭრობაში, მაგრამ ჯერჯერობით ამის სივრცეს ვერ ხედავს. არ იციან ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს და ვითარებას, როდესაც ეს იქნება შესაძლებელი. ეს ხალხი ან ქვეყნის შიგნით უნდა მიყიდონ ქართულ საზოგადოებას რაღაცის ფასად, ან უნდა მიყიდოს დასავლეთს რაღაცის ფასად, თუმცა ჩემი აზრით, ეს მატარებელი უკვე წასულია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.