ელენე ხოშტარიას მეგობრები 14:00 საათზე, პენიტენციურ სამსახურთან ვიკრიბებით და ერთად დაველოდებით მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ რუსთავის ქალთა ციხესთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას გაუსაძლისი ტკივილები აქვს და ამ ტიპის ტკივილით ციხეში ყოფნა ადამიანის წამებას უთანაბრდება.
ლემონჯავა აღნიშნავს, რომ ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
„რამდენიმე წუთში, ელენე ხოშტარიას მოინახულებს მისი მკურნალი ექიმი, რომელიც კიდევ ერთხელ გასინჯავს. ის აქედან, რუსთავის ქალთა დაწესებულებიდან პენიტენციურ სამსახურში გაემართება, სადაც ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით, გადამწყვეტი შეხვედრა შედგება. დღეს უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ამიტომ კიდევ ერთხელ, ელენე ხოშტარიას მეგობრები, თანამებრძოლები ვიკრიბებით პენიტენციურ სამსახურთან 14:00 საათზე. ერთად დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში. მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ამ ტიპის ტკივილით ციხეში ყოფნა უთანაბრდება ადამიანის წამებას, ამიტომ აქედან ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი არის მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევების სრული კომპლექსი, უნდა დაზუსტდეს მისი დიაგნოზი და უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური მკურნალობა“, – განაცხადა ლემონჯავამ.
