ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მცირეწლოვანი მგზავრობდეს უსაფრთხოდ, სამგზავრო სავარძლის გამოყენებით. Your Car Seat-ის დამფუძნებლები ამ მიმართულებით მშობლებს ინფორმაციასა და რჩევებს უზიარებენ. დაარსებიდან დღემდე მათ კონსულტაცია გაუწიეს 10 000-ზე მეტ მშობელს და შექმნეს არაერთი პრეცედენტი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მცირეწლოვნები უვნებლად სწორედ სამგზავრო სავარძლის დახმარებით გადარჩნენ.
ხანდახან მშობელი უარს ამბობს სამგზავრო სავარძლის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ ის იდეალურად მართავს მანქანას და უსაფრთხოების დამატებით ზომებს არ საჭიროებს. ეს პრინციპულად მიუღებელი აზრია. სამგზავრო სავარძელი მშობლის მანქანის მართვის უნარს ვერაფრით დააკნინებს, სამაგიეროდ 90 პროცენტით დაიცავს ჩვენს შვილებს სხვადასხვა საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომ არავინ არ უნდა გავრისკოთ“.
არსებობს წესები, რომელსაც Your Car Seat მშობლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზიარებს და რომელთა დაცვაც ავტომობილით მგზავრობისას აუცილებელია:
როგორ შევარჩიოთ სამგზავრო სავარძელი?
0-12 წლის ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით. სავარძლები წონისა და სიმაღლის მიხედვით ჯგუფებად იყოფა. გადამწყვეტია, სავარძელი შეიძინოთ სანდო მომწოდებლისგან, რათა მან სათანადოდ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა. სერტიფიცირებულ სამგზავრო სავარძელს გავლილი აქვს სპეციალური შემოწმება – Crash test, რომელიც ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ეფექტიანად დაიცავს ბავშვს.
ახალშობილისთვის განკუთვნილია კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი (0-13 კგ), რომელიც ემბრიონის ფორმას იმეორებს და ყველა მხრიდან იცავს ბავშვს. თუ ფიქრობთ, რომ სამგზავრო სავარძელს დიდხანს ვერ შეცვლით, გამართლებულია 0-36 კგ-სთვის განკუთვნილი სავარძლის შეძენაც. სამგზავრო სავარძელი ჩვილის პირველივე მგზავრობისას უნდა გამოიყენოთ.
საბავშვო სავარძლის გამოყენების ვადები
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი – სამგზავრო სავარძლებს აქვს გამოყენების ვადა. ეს ვადა, როგორც წესი, 6-9 წლით განისაზღვრება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ წელსაა გამოშვებული სამგზავრო სავარძელი და რამდენ ხანსაა შესაძლებელი მისი გამოყენება, მითითებული უნდა იყოს სავარძლის ეტიკეტზე.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეკომენდებული არაა მეორადი სავარძლის შეძენა, სწორედ ისაა, რომ ახალ მფლობელს ხშირად ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე, თუ როდის შეიძინეს სავარძელი პირველად, როგორ გამოიყენეს ის. სამგზავრო სავარძელი ვიზუალურად შესაძლოა სრულიად უდეფექტოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ გაცვეთილი იყოს მისი ძირითადი ნაწილები (პლასტმასა, ღვედი, ლითონის ნაწილები). ძლიერი ცვეთა შესაძლოა საგზაო ავარიითაც იყოს გამოწვეული.
გარდა ამისა, თანდათან იცვლება და უმჯობესდება ტექნოლოგიები, წლების წინ დატესტილი სამგზავრო სავარძელი წლების შემდეგ ისეთივე დადებითი შედეგებით ვერ შეფასდება და სხვა. სპეციალისტების რჩევა ასეთია: თუ თქვენ უკვე იყენებთ მეორად სამგზავრო სავარძელს, ყურადღებით შეამოწმეთ თითოეული ნაწილი, გადაამოწმეთ, რა ნაწილები უნდა ჰქონოდა ორიგინალს, ხომ არ აკლია რომელიმე მათგანი, თუ ეს ასეა, სასწრაფოდ შეცვალეთ იგი; თუ არ იცით, როგორ შეამოწმოთ, Your Car Seat გთავაზობთ, გადაუღოთ სამგზავრო სავარძელს ფოტოები და გადაუგზავნოთ ორგანიზაციას, რომელიც შესაბამის კონსულტაციას უსასყიდლოდ გაგიწევთ.
როგორ გამოვიყენოთ სამგზავრო სავარძელი?
სამგზავრო სავარძლის სწორად შერჩევასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მის სწორად გამოყენებასაც. თუ სავარძელს ავტომობილში სწორად არ ამაგრებთ, ან ღვედებს არ კრავთ, ბავშვი ისევ საფრთხეშია. ბავშვს ღვედები უნდა შეუკრათ ნებისმიერ მანძილზე გადაადგილებისას – არ აქვს მნიშვნელობა, სახლიდან 10 მეტრით დაშორებულ ადგილზე მიდიხართ თუ 100 კილომეტრი გაშორებთ დანიშნულების ადგილს.
ღვედი შეჯახებისას იცავს ბავშვს, რომ ის არ ამოვარდეს სავარძლიდან და არ შეეჯახოს საქარე მინას, ან არ გადავარდეს ფანჯრიდან, არ მიიღოს სხეულის მძიმე დაზიანებები.
უმჯობესია, თუ სავარძელი მანქანაში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დამაგრდება. ასე მგზავრობა ბავშვისთვის 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ სამგზავრო სავარძლის შიდა და ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები დაგრეხილია, მაშინ ის ვერ დაიცავს ბავშვს. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ღვედები გასწორებული იყოს.
არაერთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი მიიჩნევს, რომ შვილის უსაფრთხო გადაადგილებას უპრობლემოდ უზრუნველყოფს, თუ მგზავრობისას მას მუხლებზე დაისვამს და მკლავებს ძლიერად შემოხვევს, რაც არასწორია. ძლიერი/მყისიერი დამუხრუჭებისას ბავშვის უსაფრთხოდ ხელში დაჭერის შანსი მინიმუმამდე მცირდება, რაც მოზარდის დაზიანების საშიშროებას ქმნის. გარდა ამისა, ბავშვის, მით უფრო ახალშობილის, სხეული ფორმირების პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირედმა დამუხრუჭებამაც კი შესაძლოა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას, დაუზიანოს ხერხემალი, თავი და ა.შ.