ჩვენი ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს. სიაში გერმანულ გუნდებს ვხვდებით, საიდანაც ყველაზე დიდ ინტერესს სანქტ პაული იჩენს. ფაბიან ჰურცელერის გუნდი, ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა და როგორც ჩანს მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სანქტ პაული ცხრილში 63 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ გერმანულ გუნდს ბუდუს დამატება კარლსრუეში გადასვლამდეც სურდა.
კიდევ ერთი გუნდი, რომლის ინტერესიც დადასტურდა, თურქული ტრაბზონსპორია. სუპერ ლიგის ბინადარი ამ მომენტისთვის ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ტრაბზონს ზაფხულში დიდი ალბათობით პოლ ონუაჩუ დატოვებს – 29 წლის ნიგერიელს საიჯარო ხელშეკრულება ივნისში ეწურება და წესით საუთჰემპტონში დაბრუნდება.
ზივზივაძეს კარლსრუესთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ამ მომენტისთვის უცნობია კლუბის და ფეხბურთელის პოზიცია პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ ბუდუს ბუნდესლიგაში თამაშის დიდი სურვილი აქვს.
30 წლის ფორვარდის ანგარიშზე ამ სეზონში 11 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
წყარო: lagazzetta.ge