გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებისგან დღეს იმ ვაქცინის ფლაკონის გადაცემასაც ელოდებიან, რომლითაც ახალციხის კლინიკა “იმედში” გარდაცვლილი აცრეს.
რა კითხვებს გასცემს პასუხს საინექციო ჭურჭლის გამოკვლევა და რატომ ითხოვენ ადვოკატები ფლაკონის მეგი ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეში გადატანას- “რუსთავი 2” გარდაცვლილი მედდის ადვოკატს დაუკავშირდა:
“მოცემულობა გვაქვს ასეთი, თქვენ იცით, რომ ფლაკონი არის მეგი ბაქრაძის მეუღლის სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებული. რეალურად ამას მანუჩარის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ფლაკონი გადმოვიტანოთ მეგი ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეში, რომ წვდომა გვქონდეს აღნიშნულ ფლაკონზე.
ეს არის პირველადი რაც უნდა გაკეთდეს და ამას ბოლო დღეების მანძილზე ვერ მივაღწიეთ.
რაც შეეხება რას მოგვცემს აღნიშნული ფლაკონი – ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაციის პროტოკოლით ფლაკონზე გახსნის დრო ეწერება და ეს დროები მნიშვნელოვანია,”- აღნიშნა ადვოკატმა.
“მეგი მეათე იყო ვინც აიცრა, ეს ფლაკონის შიგთავსით არ დასტურდება, რადგან AstraZeneca-ს თითო ფლაკონი 5 მლ-ლ და 0,5 დოზას უკეთებენ თითო პიროვნებას, შესაბამისად ფლაკონში არაფერი არ უნდა იყოს დარჩენილი. ეს კონკრეტული ფლაკონი კი დაცლილი არ არის, ვიზუალური დათვალიერებითაც კი ეს ფლაკონი უამრავ კითხვას ბადებს.
ერთადერთი ჩვენი გამოსავალია ვიდეო – მტკიცებულებები, ასევე ვაპირებთ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც გარკვეული ფაქტების აღდგენაში დაგვეხმარება.
ჩვენ საქმის მტკიცებულებებზე აქამდე წვდომა არ გვქონია. რეალურად დღის წესრიგში დავაყენებთ საკითხს, რომ ოჯახს ჰყავდეს დამოუკიდებელი ექსპერტი,”- აღნიშნა ნინო ამაღლობელმა.
რა კავშირი აქვს ფლაკონს მეგი ბაქრაძის მეუღლის სისხლის სამართლის საქმესთან?
“პარადოქსულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ფლაკონს მანუჩარ კობახიძის საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. მანუჩარს ედავებიან რეანიმაციულ განყოფილებაში კონკრეტული ნივთის დაზიანება განადგურებიოს ფაქტზე.
რეანიმაცია არის მეორე სართულზე იმუნიზაციის პირველ სართულზე, ფლაკონი ინახება იმუნიზაციის კაბინეტში, რომელიც პირველ სართულზეა მანუჩარ კობახიძეს შეხებაც არ ჰქონია, რა თქმა უნდა, ეს დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს,”- აღნიშნა ნინო ამაღლობელმა.
მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში