მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარში აღარ დააბრუნებენ. არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი “რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ “მოგვარებულია პრობლემა”.
სამების ტაძარში შობის წინა დღით ხატის აღმოჩენას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. აქტივისტმა ნატა ფერაძემ მას ლურჯი საღებავი შეასხა, რის გამოც 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ხატი ეკლესიიდან დაახლოებით 40 დღის წინ, 17 იანვარს გაიტანეს იმ მიზეზით, რომ უნდა შეცვლილიყო მატრონა მოსკოველისა და სტალინის შეხვედრის ფრაგმენტი. საპატრიარქო დაეყრდნო რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მათი შეხვედრის ეპიზოდი მატრონა მოსკოველის ბიოგრაფიაში არ წერია. სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც ხატზე სტალინის ამოშლა გადაწყდა.