ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტეროიდის ზედაპირიდან აღებულ და დედამიწაზე ჩამოტანილ ნიმუშებში წყალი და ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტეროიდზე ის ორგანული მასალები იპოვეს, რომლებმაც შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებისთვის საჭირო ქიმიური მასალების წარმოქმნა უზრუნველყო.
ნიმუშები იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ხომალდმა „ჰაიაბუსამ“ ასტეროიდ იტოკავადან დედამიწაზე 2010 წელს ჩამოიტანა. ნიმუშებში აღმოჩნდა წყალი და ორგანული მასალები, რომლებიც ეკუთვნის ასტეროიდს, რომელიც დროთა განმავლობაში ქიმიურად თავადაც იცვლება.
როგორც კვლევა მიუთითებს, იტოკავა მილიარდობით წლის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, უცხო წყაროებიდან იერთებდა წყალსა და ორგანულ ნივთიერებებს, ზუსტად ისე, როგორც დედამიწა. ირკვევა, რომ დაახლოებით 1,3-1,4 მილიარდი წლის წინ, კატასტროფული დარტყმის შედეგად ასტეროიდი ძლიერ გადახურებულა, რამაც ის წყლისგან გამოაშრო და დაამსხვრია. მიუხედავად ამისა, ასტეროიდმა დამსხვრეული ფრაგმენტები კვლავ უკან მიიერთა და წყალიც ხელახლა მიიღო ნახშირბადით მდიდარი მეტეორიტების მტვრის მიერთების გზით.
კვლევა აჩვენებს, რომ იტოკავას მსგავსი S-ტიპის ასტეროიდები, საიდანაც იღებს სათავეს დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტთა უმეტესობა, სიცოცხლისათვის საჭირო ნედლეულ ინგრედიენტებს შეიცავს. ამ ასტეროიდის ანალიზი ცვლის ტრადიციულ მიდგომას დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რომელიც აქამდე დიდწილად ფოკუსირებული იყო ნახშირბადით მდიდარ C-ტიპის ასტეროიდებზე.