მსოფლიოს 17-მა წამყვანმა ენდოკრინოლოგმა, სიმსუქნისა და კვების ექსპერტებმა,
კლინიკურმა მკვლევარებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს სტატია The American Journal of Clinical Nutrition-ში, სადაც მოგვიწოდეს გადავხედოთ სიმსუქნის მიზეზებს.
ბოლო ასი წლის განმავლობაში წონის დაკლებისადმი მიდგომა ეფუძნება ე.წ. ენერგეტიკული ბალანსის მოდელს. ამიტომ, წონის დასაკლებად, თქვენ უბრალოდ უნდა შეამციროთ მოხმარებული კალორიების რაოდენობა, ანუ ნაკლები ჭამოთ და გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა.
ამრიგად, ენერგეტიკული ბალანსის მოდელის მიხედვით, გადაჭარბებული კვება და უმოძრაო ცხოვრების წესი განვითარებულ სამყაროში დაფიქსირებული სიმსუქნის ეპიდემიის საფუძველია.
თუმცა, სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ხალხს მოუწოდებდნენ ნაკლები ჭამისა და მეტი მოძრაობისაკენ, მათი რიცხვი, ვინც სიმსუქნით იტანჯება, სულ უფრო და უფრო იზრდება, ხოლო სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების – ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ზოგიერთი სახის კიბო – ასევე ზრდას ტენდენციას განიცდის.
სტატიის ავტორებმა შემოგვთავაზეს განსხვავებული, ალტერნატიული მოდელი, რომელიც ხსნის წონის მატებისა და სიმსუქნის ბიოლოგიურ მიზეზებს და გვთავაზობს წონის დაკლების უფრო ეფექტურ მიდგომას.
ნახშირწყლოვან-ინსულინის მოდელის მიხედვით, სიმსუქნის მთავარი მიზეზი არ არის ზედმეტი ჭამა, უფრო სწორად, არა მხოლოდ ჭარბი კვება, არამედ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების გადაჭარბებული მოხმარება, ანუ სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატება.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსაუბრობთ “სწრაფ”, ანუ სუფთა და სწრაფად მონელებულ ნახშირწყლებზე. ესენია:
•პური,
• ცომეული,
• საკონდიტრო ნაწარმი,
• ტკბილეული,
•თეთრი ბრინჯი,
• ფეტვი,
• მანანის ბურღული,
• სწრაფი მომზადების შვრიის ფაფა,
• საუზმის ფანტელი,
• ტკბილი მუსლი,
• კარტოფილი,
• ტკბილი ხილი და ჩირი,
• შაქრიანი სასმელები.
ასეთი საკვები იწვევს ჰორმონალურ რეაქციას, რომელიც ძირეულად ცვლის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას, წონის მატებას და სიმსუქნეს, განმარტავენ ავტორები. როდესაც ჩვენ ვჭამთ „სწრაფ“ ნახშირწყლებს, ხდება ინსულინის გამოყოფა და სხვა ჰორმონის, გლუკაგონის გამომუშავების შემცირება. ეს, თავის მხრივ, სიგნალს აძლევს ცხიმოვან უჯრედებს, რომ დროა შეინახონ მეტი კალორია, რითაც კუნთებსა და სხეულის სხვა ქსოვილებს ნაკლები ენერგია ხვდება.
შედეგად, ტვინი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სხეულს ენერგია აკლია. ეს იწვევს შიმშილის გრძნობას და მეტაბოლიზმი, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ნელდება.
ამრიგად, ჩვენ ვრჩებით მშივრები, მიუხედავად იმისა, რომ ვაგრძელებთ წონაში მატებას.
სიმსუქნის ეპიდემიის მიზეზების გასაგებად, უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობა, არამედ ის, თუ რას ვჭამთ და როგორ მოქმედებს ეს საკვები ჰორმონებსა და მეტაბოლიზმზე, ხაზს უსვამენ სტატიის ავტორები. ნახშირწყალ-ინსულინის მოდელიდან გამომდინარე, აუცილებელია ხალხს მოვუწოდოთ არა მხოლოდ ნაკლები ჭამა, არამედ მკვეთრად შეამცირონ “სწრაფი” ნახშირწყლების მოხმარება, რაც უფრო ადვილია, რადგან ის საშუალებას გაძლევთ დაიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე
წყარო:მკურნალი