სოფო გელოვანი ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია ქართულ შოუბიზნესში. სოფო ძალიან თავდაჭერილია, ზედმეტად გამოჩენა არ ხიბლავს, არც საკუთარ თავზე საუბარი უყვარს, თუმცა ,,სარკეს” მაინც გულახდილად უამბო სცენასა თუ სცენის მიღმა თავის ცხოვრებაზე.
– სოფო, როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში მომღერალი?
– საკუთარი თავის ძიება ბავშვობიდან იწყება, იზრდები, ეცნობი სამყაროს, ბევრი რამ გიტაცებს, მოგწონს. იწყებ ფიქრს პროფესიაზე, ხშირად იცვლი აზრს, ყალიბდები და თუ სწორად აარჩიე საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით ემსახურები, ესე იგი ნამდვილად გაგიმართლა.
რაც თავი მახსოვს, სულ მომღერლობა მინდოდა, სხვა არც არაფერზე მიფიქრია. მართალია, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე ესპანური ენის განხრით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. სიმღერა და მხოლოდ სიმღერა არის ჩემი ერთადერთი მოწოდება.
– ყველა შემოქმედი ცდილობს, ხშირად იყოს ყურადღების ცენტრში. თქვენ სატელევიზიო სივრცის იშვიათი სტუმარი ხართ, რა არის ამის მიზეზი?
– ჩემი ახლობლები მეუბნებიან, სოფო, რატომ პასიურობ, უფრო ხშირად უნდა გამოჩნდე, თუ საჭიროა, მიდგე-მოდგე, შეაწუხო ნაცნობებიო. ძალიან ვაფასებ აქტიურ ადამიანებს, მათ, ვისაც ეხერხებათ ასე მოქცევა, მაგრამ მე არ შემიძლია. ვჩნდები მაშინ, როცა მაქვს სიმღერა, მაქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. მუდმივად ეკრანზე ტრიალი არ არის საჭირო. ზედმეტად თავი არავის უნდა მოაბეზრო.
ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგი ვარ ან არ მომწონს გადაცემები, ყველას თავისი ფორმატი აქვს და თავისი სტუმრები ჰყავს. უბრალოდ, ვერ ვხედავ, რომ ჩემი გამოჩენა საინტერესო იქნება. ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს, ის ისედაც მომისმენს და კონცერტზე მოვა.
– უკვე “სტაჟიანი” მეუღლე ხართ, სტაბილური ქორწინება გაქვთ. თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი ოჯახში წონასწორობის შენარჩუნებისთვის?
– ოჯახის შექმნის საძირკველი სიყვარულია, მაგრამ ამასთან ერთად უმთავრესი და აუცილებელია ურთიერთპატივისცემა. როცა ორი ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას, ისინი იწყებენ ერთმანეთის შეცნობას. ამ დროს არის წინააღმდეგობები, აზრთა სხვადასხვაობა, კამათი. ზუსტად ამის დაძლევაში გეხმარება ერთმანეთის პატივისცემა. თანდათან სწავლობ, რა მოსწონს შენს მეუღლეს, რა უყვარს. სწავლობ დათმობას, პატიებას. ისიც ასეა და ეს ხდის ოჯახს სტაბილურს.
მეუღლე პატივს სცემს ჩემს პროფესიას, მოსწონს ჩემი შემოქმედება, გვერდით მიდგას. ვაფასებ მის თანადგომას, ვიცი მისი ინტერესები. ჩვენ საერთო საზრუნავი გვაქვს, შვილებს ვზრდით და ბედნიერები ვართ.
– თქვენი ბიჭები როგორები არიან, რა ინტერესები აქვთ?
– ძნელია შვილებზე საუბარი დედის პოზიციიდან. ჩვეულებრივი, კარგი ბავშვები არიან. როცა მეკითხებიან: ,,კარგი დედა ხარ?”. ვპასუხობ: ,,ჯერ არ ვიცი”. აი, როცა გაიზრდებიან, დაკაცდებიან და სხვები შეაფასებენ, რომ ღირსეული ადამიანები გახდნენ, მაშინ ვიტყვი, რომ კარგი დედა ვარ.
– სტაბილურად ინარჩუნებთ წონას, თხელ, მოხდენილ ფიგურას, რაც ბევრი ქალისთვის პრობლემაა. როგორ ახერხებთ ამას?
– ამისთვის ბევრს არაფერს ვაკეთებ. გემრიელი კვება მიყვარს, მაგრამ გენეტიკა მიწყობს ხელს და პერიოდულად ვვარჯიშობ კიდეც.
ზოგადად ყველაფერში ზომიერების მომხრე ვარ. ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას, გარეგნობაში მკვეთრი ჩარევები არ მომწონს. დიახ, ქალმა თავს უნდა მოუაროს. თუ საჭიროა, ცოტაოდენი კორექტივებიც შეიტანოს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა.