ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“პირველი კატეგორიაა :
ტიპები, რომლებიც აფხაზეთის პრობლემის გარტყმაში არ არიან, ეთნუკური წმენდის მსხვერპლების სახელით საზოგადოებას გამოსავლად ბოდიშის მოხდას სთავაზობენ.
ეს სასარგებლო იდიოტობაა.
მეორე კატეგორია :
ბოდიშის მოხდას, როგორც გამოსავალს, სრულიად კონკრეტული მიზნით სთავაზობენ საზოგადოებას.
ესენი ნაძირალები არიან.
მესამე კატეგორია :
ცდილობს ეთნიკური წმენდის, გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ნიველირებასდა ეს ჰგონია გამოსავალი. არადა პირიქითაა.
ესენი უვიცები არიან.
მეოთხე კატეგორია :
რუსეთის გადამწყვეტი ფაქტორის, პირდაპირი მონაწილეობის უკანა პლანზე გადაწევას ცდილობს და უმეტესად ეთნიკურ ჭრილს წამოსწევს წინ.
ესენი ან საკმარისად არ იცნობენ საკითხს ან ნაძირალები არიან.
მეხუთე კატეგორია :
მთლიანად უარყოფს ეთნიკურ კონფლიქტს ან მის მნიშვნელობას იმდენად აკნინებს, რომ ფაქტორად არც განიხილავს. ესენიც არ იცნობენ სრულ სურათს.
მეექვსე კატეგორია :
რაღაც სიყვარულსა და პატიებაზე საუბრობს ძალიან ყოფით დონეზე. ესენი კეთილშობილური მიზნებით არიან, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ, სინამდვილეში რა მასშტაბის სიძულვილი არსებობს.
მეშვიდე კატეგორია :
კუნთებზე იყურება. ამის სრული სამართლებრივი და პოლიტიკური უფლება გვაქვს, მაგრამ ასე ადვილად არ არის საქმე.
მერვე კატეგორია.
საკითხის ეკონომიკითა და მიმზიდველობით გადაჭრას ვარაუდობს. ცალკე აღებული ეს ფაქტორიც სასაცილოა. ვინ თმობს ომით მოპოვებულს შენგენის ზონის სანაცვლოდ ?!
მეცხრე კატეგორია :
რუსულ პროპაგანდასაა აყოლილი.
მეათე კატეგორია :
არ იცნობს იმ ვითარებას, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველოში არსებობდა.
მეთერთმეტე კატეგორია :
ისტორიაში ეძებს გამოსავალს, რაც სიბრიყვეა. ამ სიბრიყვებ თავის დროზე დიდი როლი შეასრულა პრობლემის გაღრმავებაში. ახლა კი ისტორიული წიაღსვლები უნაყოფოა პტობლრმის მოგვარების კუთხით. პროფესიული თვალსაზრისით იკვლიონ, მაგრამ უნდა იცოდნენ, პოლიტიკურად ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
მეთორმეტე კატეგორია :
აზრზე არაა, რა პროპაგანდა წარმოებს 3 ათაული წელია მთელ მსოფლიოში რუსული ფულით.
მეცამეტე კატეგორია :
საერთოდ არ იცნობს განწყობებს ოკუპირებულ აფხაზეთში.
მეთოთხმეტე კატეგორია :
აზრზე არაა დევნილების პრობლემის.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთი არჩევნების წინ ახსენდებათ ან ხანდახან მოდაში შემოდის ფილმისა და წიგნის გამო ან თვითდამკვიდრებისთვის სჭირდებათ.
და არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც მართლაც ხედავს სრულ სურათს, არ არის ანგაჟირებული, არ სჭირდება კაპიტალიზება ამ თემაზე და მოქმედებს უანგაროდ, მაგრამ მათი ხმა ჩაკარგულია. სწორედ ამ ხალხს უნდა შევუწყოთ ხელი, მივცეთ ასპარეზი და მოვუსმინოთ, თუმცა ბევრი მათგანი გულსაწყვეტილია, რადგან როგორც აფხაზეთი, ისე თავად ეს მცოდნე ხალხი გარიყულია საზოგადოებრივი ასპარეზიდან და, სამწუხაროდ, მედიიდანაც. მედიის ის ძალისხმევა, რაც ამ თაზე იხარჯება, არასდროს ყოფილა საკმარისი. ეს უნდა გამოსწორდეს.
აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს მოდაც გადაივლის და არის რისკი, ხელში შეგვრჩეს აფხაზეთის მივიწყების კამპანია ან ხელის ჩაქნევა, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები უზრუნველყოფენ ცალ-ცალკე, ფრაგმენტირებულად, გაუაზრებლად.
ეს არ უნდა დავუშვათ. წინ უნდა აღვუდგეთ.
ჯამში საზოგადოება იბნევა და გამოსავალს ვერ ხედავს. ეს დამღუპველია.
აფხაზეთის საკითხს არ ჰყოფნის მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების ხმა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხშირად ჩაკარგულია. ეს გამოსასწორებელია. მეტი მცოდნე ადამიანის შემოერთება გვჭირდება და, იმედია, ამას მივაღწევთ.
არც გადაჭარბებული პესიმიზმია საჭირო და არც გადაჭარბებული ოპტიმიზმი. რეალობა, ფაქტები და გამოსავლის მოძებნაა ერთადერთი გზა.
უკაცრავად, ალბათ უხეშად გამომივიდა, მაგრამ ცოტა დავიღალე სტატუსებით ,,გადაჭრილი” პრობლემით. დილეტანტებით სავსეა სივრცე. დილეტანტიზმი აფხაზეთის საკითხში (ისევე როგორც ყველა საკითხში) დაიძლევა ცოდნის მიღებით, ამ ცოდნის ფართო საზოგადოებამდე მიტანით და სრული სურათის აღქმით და კონტექსტის შეგრძნებით.”