დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში და აღნიშნული პრობლემა 25 აგვისტომდე უნდა მოწესრიგდეს. კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს დაავალა, თავად მოახდინონ ღია კაფე-ბარების დემონტაჟი, თუ 24 აგვისტომდე ისინი თავად არ მიმართავენ მერიას ფართობის შემცირების შესაბამისი პროექტით.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, აღმაშენებლის გამზირზე არსებული მდგომარეობა უცვლელი ვერ დარჩება.
„მე რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებზე, ბარებზე, სადაც, ფაქტობრივად, ფეხით გავლა შეუძლებელია. გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვზღუდავთ, პირიქით, იცით პანდემიის პირობებში და იმ რთულ წლებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა იყო მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს გაქვთ ეს ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელია და შეუძლებელია. ჩვენ ვთქვით, რომ ვიძლევით კონკრეტულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ეს ღია კაფეები უნდა შემცირდეს მოცულობაში იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეთათვის, პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ. დღეის მდგომარეობით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა იმისთვის, რომ მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, თავისი კაფე-ბარების არეალი.
ეს ძალიან ცუდია, თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ როგორც არის დღეს, ასე დარჩება და ასე შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას, ტყუილია, არ გამოვა ასე, იმიტომ, რომ ჩვენთვის როგორც თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, იქ მიმსვლელი ადამიანები, რომლებიც იყენებენ აღნიშნული ქუჩის მონაკვეთს და ვიზუალურადაც გემოვნების თემაა, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და თუნდაც შეფუთული. შესაბამისად, ჩვენი არქიტექტურის სამსახურიც მზად არის თანამშრომლობისთვის.
მინდა გითხრათ, რომ ეს გონივრული ვადა თავდება, დასასრულს უახლოვდება, აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტომდე თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს“,- განაცხადა კალაძემ.