სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გუშინ, 30 ოქტომბერს, პალიტრანიუსის ეთერში “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში 28 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების პაკეტის შესახებ ისაუბრა. იოსელიანის განცხადებით, მასთან ყოველკვირა მიდიან მშობლები, რომელთა ოჯახებიც არიან აზარტული თამაშების მსხვერპლი. მისი აზრით, არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე როგორც ჰაბი, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს პოკერის თამაშს.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ რა რაოდენობის ფულიც არ უნდა შემოვიდეს, არ აქვს მნიშვნელობა იმხელაა ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ქვეყნისთვის.
“მე ცოცხალი მოწმე ვარ, ყოველკვირა მოდიან ჩემთან მშობლები, რომელთა ოჯახებიც არიან აზარტული თამაშების მსხვერპლი. მათი შვილები ძირითადად არიან საპატიმროში და ყველა ეს ოჯახი გაუბედურებულია აზარტული თამაშების გამო. ჩემი განცხადება იმას ეხებოდა, რომ არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე როგორც ჰაბი იმისა, რომ მოდით, ჩამოდით ჩვენთან პოკერის სათამაშოდ, მოდი პოპულარიზაცია გავუწიოთ პოკერის თამაშს.
მე ვუსმენდი ბატონ ბერეკაშვილს, რომელსაც გამოჰქონდა ეს კანონპროექტი. ის ამბობდა, რომ ცუდს კი არაფერს ვაკეთებთ, პოკერის პოპულარიზაციას ითვალისწინებსო, 20%-მდე დავიყვანეთ საქართველოს მოქალაქეების[წილი] და უცხოელები თამაშობენო. ჯერ ერთი 20% საქართველოს მოქალაქე ცოტა არაა, მაგრამ უცხოელები რომ ითამაშებენ, ეს საერთოდ არ არის არგუმენტი.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო ტურნირს რომ აწყობ შენს ქვეყანაში, ეს ხომ პოპულარიზაციას ემსახურება, იმ ქვეყნის ცნობადობის ზრდას კონკრეტულად იმ სახეობაში[პოკერი]. რატომ “იკლავენ” აბა თავს ქვეყნები ოლიმპიადისთვის? ის ქვეყანა ხდება ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის.” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების პაკეტის თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტში განსაზღვრულია, რას გულისხმობს საერთაშორისო აზარტული ტურნირი – ესაა სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ არის გარანტირებული ორგანიზატორის მიერ და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
“თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, იგი არ იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, ამავდროულად ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.” – ნათქვამია კანონპროექტში.
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობაზე მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში 100 000 ლარი იქნება. კანონპროექტით დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში – კერძოდ, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150 000 ლარით.
დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული “სამართლებრივი რეგულირების დახვეწა” და საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზებისათვის მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, მოქმედ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული “საერთაშორისო ტურნირის” ცნება და არ არსებობს მისი ჩატარების სამართლებრივი რეგულაცია, “რაც პრაქტიკაში ქმნის გაურკვევლობას, როგორც ბიზნესსუბიექტებისთვის, ასევე მარეგულირებელი ორგანოებისთვის”.
პირველი მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველი და მოუწოდა პარლამენტს, “არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტების შემდგომი მიღება”. მისი შეფასებით, “განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე”.
ომბუდსმენის განცხადებით, დოკუმენტი არ შეიცავს:
საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ცალკე შეფასებას;
ბარათში არ არის გაანალიზებული შესაძლო სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები;
კანონპროექტის მომზადებაში შესაბამისი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა არ ყოფილა უზრუნველყოფილი;
არ არის მიმოხილული სხვა ქვეყნების გამოცდილება;
განმარტებითი ბარათის თანახმად, ის გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა არ ჩანს რას ეფუძნება აღნიშნული შეფასება.
“სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები” – დაწერა ომბუდსმენმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა “ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა”. ის ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ “ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა”.
ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონი პარლამენტმა ხელახლა უნდა განიხილოს და “დააიგნოროს”.
