„ციხე გატრუხდა“ , – ამ სიტყვებით ეხმაურება “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე „დროა“- ს ლიდერი ელენე ხოშტარია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
ხოშტარიას აღნიშნულ პოსტზე POSTV – ის დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა კომენტარებში დაწერა:
„აბა, მიშას ჰკითხე“, – დაწერა შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმც,ა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან თაღლითობაში მონაწილეობაზე.
ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტია “ლელოს” ოფისში ელოდებოდნენ, ავთანდილ წერეთელი კი TV – “პირველის” ოფისში.
ბრალდებულები აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.