მოდის ქართველი დიზაინერი, Balenciaga-ს მოდის სახლის შემოქმედებითი დირეტორი, დემნა გვასალია Times UK–სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საცხოვრებლად სამშობლოში არ დაბრუნდება, რადგან საქართველო უსაფრთხო ადგილი არ არის. გამოცემასთან ინტერვიუში გვასალია თავის შვეიცარიულ ცხოვრებაზეც საუბრობს.
“უნდა ვთქვა, რომ თავიდან ბელგიას ვფიქრობდი, მაგრამ შვეიცარიაში ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მიყვარს შვეიცარიის ბუნება და სიმშვიდე. თან შვეიცარია იმ ადგილს ჰგავს, სადაც მე ვიზრდებოდი”, – ამბობს გვასალია გამოცემასთან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე – “გიფიქრია, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნდე?” – Balenciaga-ს მოდის სახლის შემოქმედებითი დირეტორი პასუხობს:
“საქართველო უსაფრთხო არ არის. განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანებისთვის. ჩემს ცხოვრებას შვეიცარიაში ვხედავ, ამიტომ გადმოვიტანე ყველაფერი აქ. არსად მიგრძვნია თავი იმდენად დაცულად და კარგად, როგორც აქ”, – პასუხობს დემნა გვასალია.