გავუფრთხილდეთ მიშას! მე არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სააკაშვილი გარდაცვლილი იქნება და ივანიშვილი ცოცხალი! – ამის შესახებ საოპერო მომღერალი, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:
“მე მათ ორივეს ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ორივეს სიცოცხლე აუცილებელია, როგორც მაგალითი, დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის! მაგალითი თუ რა განსხვავებაა სიბნელესა და სინათლეს შორის! სამშობლოს სიყვარულსა და ფულის სიყვარულს შორის! პოლიტიკოსობასა და ქვეყნის “დირექტორობას” შორის! მთავრობაში ქვეყნისთვის საქმის მკეთებელთა მოყვანასა და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე მზრუნველთა შორის! ქვეყნის სიყვარულსა და ქვეყნისადმი ზერელე დამოკიდებულებას შორის! ქვეყნის განვითარებასა და ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას შორის! ქვეყნისთვის თავგანწირვასა და ქვეყნის ფეხებზე დაკიდებას შორის! ხალხის სიახლეების, რეფორმების გარშემო გაერთიანებასა და ერთმანეთზე გადამტერებას შორის! განვითარებულ ევროპულ ქვეყანასა და ბნელ წარსულში დაბრუნებას შორის! ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს! ორივე გვჭირდება სამაგალითოდ, მიშაც და ბიძინაც! გავუფრთხილდეთ მიშას!,” – წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ექს- პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშილი უკვე მე-12 დღეა შიმშილობს. მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს.
ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი “ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება, რაც მისი უფლებების მძიმე დარღვევაა”
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტი გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. აქცია თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა გაიმართოს.
https://mix.metronome.ge/22267-2/