ოკუპანტი ქვეყნის საახალწლო კონცერტების მონაწილეთა სახელები და გვარები ცნობილია, აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ქვეყნის მთავარ კონცერტებზე „პესნია გოდასა“ და „გალუბოი აგანიოკში“ მონაწილე არტისტების სახელებსა და გვარებს შორის აღარ არის ვალერი მელაძე, თამრიკო გვერდწითელი, დიანა ღურწკაია, ქეთა თოფურია და სხვა ქართველი შემსრულებლები, ვინც წლების მანძილზე რუსული საახალწლო ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი იყვნენ, თუმცა მთელი რიგი რუსი შემსრულებლების სახელებსა და გვარებს შორის, მარტივი შესამჩნევია ერთადერთი ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის სახელი და გვარი, რომელიც ოკუპანტებს ახალ წელს მიულოცავს.
ცნობისთვის, გუშინ, 27 ნოემბერს სოციალურ ქსელში, ორგანიზაცია „სიკეთის ქალაქის“ ხელმძღვანელმა ნანა შველიძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საახალწლოდ სოსო პავლიაშვილმა, თავისი ახლობლის ხელით მას სოლიდური თანხა გადასცა, რომლითაც ის ქართველ ოჯახებს დაეხმარება.