გია ჯაჯანიძე კლასელებს შეხვდა, როგორც ამბობს, 44 წლიანი პაუზის შემდეგ. ორი-სამი კლასელის გარდა, არც ერთი უნახავს.
გია ჯაჯანიძე: წარმოიდგინეთ, მე და ჩემი კლასელები 44 წელი არსად არ გადავკვეთილვართ. როცა იკრიბებოდნენ და მირეკავდნენ, ხან ჩაწერა მქონდა, ხან უცხოეთში ვიყავი, ყოველთვის ისეთი მიზეზი მქონდა, წასვლას ვერაფრით ვახერხებდი. მერე ეტყობა მობეზრდათ და აღარ მირეკავდნენ. გავიდა დრო, ვიფიქრე, ხომ არ ფიქრობენ, რომ მე არ მივდივარ და თავს ვიკავებ ჩემი პოპულარობის გამო-მეთქი. არ მინდოდა, რომ ეფიქრათ, თითქოს მე რამით წინ ვარ…
როცა ცნობილი ხარ, არ ნიშნავს, რომ საოცარი ვინმე ხარ. ასეთი სამსახური მაქვს, ვჩანვარ, თორემ ნებისმიერი ექიმი თუ მასწავლებელი, რომელიც არ ჩანს, უფრო დიდ საქმეს აკეთებს, ვიდრე მე.
მამიდაჩემი სონია ფურნეში მუშაობდა, პურს აცხობდა. ისეთი საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა, შრომა აი, ის იყო. პურს აცხობდა, ხალხს უნდა ეჭამა…
მოკლედ, ბოლო დროს გააქტიურდნენ კლასელები, გვენატრები, დროს შეგიწყობთ, ოღონდ მოდი ჩვენთან ერთადო.
საბერძნეთში გამგზავრება გადავდე და ვიფიქრე, ბოლო ბოლო უნდა შევხვდე ჩემს კლასელებს-მეთქი. თან გავიფიქრე, ასე რომ მოვინდომე, საბერძნეთში გამგზავრება გადავდე, ხომ არ ვკვდები-მეთქი და ცოტა ავნერვიულდი.
დაითქვა დღე, 17 ივნისი. ათი ივნისიდან დავიწყე ნერვიულობა, დედაა! 44 წელი არ მინახავს კლასელები, რომელთან ერთად ბავშვურ სიხარულს თუ ბავშვურ ტანჯვას ვინაწილებდი, ვიხსენებდი, ვინ როგორ სწავლობდა, ვისთან როგორი ურთიერთობა მქონდა. მე ცუდად ვსწავლობდი. ხუთოსნების სულ მიკვირდა. მე, გაფანტული, სულ სხვა რამეებზე ვიყავი კონცენტრირებული.
მახსოვს, პირველ კლასში მასწავლებელი რომ იკითხავდა, ბავშვებო, კალათაში ათი ვაშლია, ამოვიღე სამი, რამდენი დარჩა? და შვიდიო, რომ პასუხობდნენ, მე პირგაღებული, გაოცებული ვიყავი, როგორ გამოიცნეს კალათაში რამდენი ვაშლი დარჩა-მეთქი.
დავიწყე ფიქრი, რა ჩამეცვა… პირველად ჩემს ცხოვრებაში ვფიქრობდი, რა ჩამეცვა, რომ კლასელები არ გამეღიზიანებინა. ასე დიდი ხანია არ მინერვიულია, როგორც კლასელებთან შეხვედრა ვინერვიულე.