“სანამ ჩვენ გამოკვებილი ჯარისკაცი სახელმწიფო აზროვნების პიკად და თურქული საღებავით გაღებილი ყაზარმა ტექნოლოგიურ ნახტომად მიგვაჩნია, მანამდე ნახევრადშემდგარი სახელმწიფო ვიქნებით” – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე, სოციალურ ქსელში წერს:
“მიუხედავად იმისა, რომ ომის ახალ თაობაზე ხშირად საუბრობდნენ სამხედრო თეორეტიკოსები, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა გამოაჩინი რომ ფართომაშტაბიანი ომის წარმოების პრინციპები ჯერ არ შეიცვლილა. წინ წავიდა ტექნოლოგიები, დაიხვეწა ტაქტიკური ხერხები, მართვისა და მართვის უზრუნველყოფის ტექნოლოგიური სისტემები, მაგრამ არსებითად ომის წარმოება იგივე დოქტრინალურ საფუძველზე დგას.
წარმატების მიღწევის ბოლო, დამაგვირგინებელი არგუმენტი კვლავ ხმელეთზეა. იგულისხმება, რომ შეიძლება მოწინააღდმეგე გატეხო სარაკეტო ან საავიაციო დარტყმებით, მაგრამ თუ ამის ნება არსებობს, ის იომებს სანამ ამის ძალა დარჩება ხმელეთზე, ჩვეულებრივი საბრძოლო ქვედანაყოფების სახით. ხმელეთზე კი მთავარი გამრღვევი ძალა ჯავშანსატანკო ძალებია, ჯავშანსატანკო ძალების მთავარი არგუმენტი კი ბოლო 100 წელი ტანკია.
აბრამსი, ლეოპარდი, ლეკლერკი და ა.შ. ( ტ72-იც კი) მე-3 თაობის ტანკია. 1970 წლის შემდეგ მე-3 თაობაზე გაიყინა სატანკო საინჟინრო აზრი. მართალია ნატო-ს ქვეყნებში ხდებოდა საბაზისო ტანკებზე ახალი ტექნოლოგიების დაშენება-ჩაშენება, მაგრამ ეს მხოლოდ 3+, 3++ და 3+++ მოდიფიკაციებია და არა მეოთხე თაობა. 73 ტონიანი M1A2 SEPV3 და M1A2 SEPV4 აბრამსები მე-3 თაობის ბოლო მოდიფიკაციებია და ამით მე-3 თაობამ თავის თავი ამოწურა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და აშშ-ბმა თითქმის ერთდროულად გამოაცხადეს რომ მე-4 თაობის გარდამავალ ტანკებზე დაიწყეს მუშაბა. გამოჩნდა პროტოტიპები: ჩელენჯერ 3, KF51 პანტერა, აბრამს X . რა თქმა უნდა როდესაც რუსეთისთვის კვლავ აქტუალური გახდა ტ62-ის კონსერვაციდან მოხსნა, შენი პოტენციური პარტნიორების ყველა სამხედრო სიახლე იმ იმედს აჩენს, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სტაბილურობის საფრთხე.
ინფორმაცია ჯერჯერობით მწირია მაგრამ ტენდეციებზე შეიძლება საუბარი: ეკიპაჟის შემცირება, ავტონომიური კოშკური ეკიპაჟის წევრის გარეშე, ხელოვნური ინტელექტი, სითბურ ხედვის ახალი სისტემები, დაზვერვის ავტონომიური საშუალებები, ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის დიდი მოცულობები, ჭკვიანი ჭურვები და ა.შ. რაც მთავარი რობოტიზირებულ ან უპილოტო მექანიზმებთან სინქრონული მოქმედების შესაძლებლობა. როგორც ცნობილია ელექტრო ძრავებზე უახლოეს 10 წელიწადში მხოლოდ არასაბრძოლო მანქანები გადავა, მაგრამ რეალიზებული იქნება ჰიბრიდული, ელექტრო-დიზელის ძრავზე გადასვლა და საწვავის მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება.
ეკიპაჟის წევრებს 360 გრადუსიანი ხედვის არელის გარდა საბრძოლო ჩაფხუტზე აესახებათ დამატებითი რეალობა მინიმუმ სრულყოფილი ტაქტიკური სურათით ან შესაძლო რისკებისა და ტაქტიკური პრობლემების გადაწყვეტის გრაფიკული რეკომენდაციებით.
პ.ს. პოტენციური ( სამწუხაროდ რეალობა ისეთია ეს ტერმინი უნდა გამოვიყენო) სტრატეგიულ მოკავშირეების წარმატება რა თქმა უნდა გვიხარია, მაგრამ სანამ ჩვენ იმით ვიწონებთ თავს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2025 წლიდან საბრძოლო მომზადება რომ გვექნება ( წარმომიდგენია რამდენმა გენერალმა თეთრად გაათენა ღამე იმის ფიქრში, ჭირდება ჯარისკაცს საბრძოლო მომზადება თუ არა ), სანამ ჩვენ გამოკვებილი ჯარისკაცი სახელმწიფო აზროვნების პიკად და ჩინური საღებავის ნაცვლად თურქული საღებავით გაღებილი ყაზარმა ტექნოლოგიურ ნახტომად მიგვაჩნია, მანამდე დაუცველი და მტრის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, უკაცრავად ტერმინისთვის ნახევრადშემდგარი სახელმწიფო ვიქნებით”.