6 ივნისიდან ვენერა ლომის ნიშანში გადავიდა. ასტროლოგების თქმით, ეს სახიფათო კომბინაცია არ არის, რადგანაც ვენერა ლომის ნიშანში თავს კომფორტულად გრძნობს. მაგრამ, იმავე ნიშანში 3 ოქტომბრამდე შავი მთვარეც იქნება. ითვლება, რომ შავი მთვარე ნებისმიერი პლანეტის ენერგიას ამცირებს და აფერხებს იმ სფეროების განვითარებას, რაზეც აღნიშნული პლანეტაა პასუხისმგებელი. ყველაზე მეტ შფოთვას კი, ამ თვალსაზრისით, ლომის ნიშანი იგრძნობს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ზაფხულის განმავლობაში საკუთარი თვითშეფასება, ქცევები, ადამიანებთან დამოკიდებულებები კიდევ უფრო მეტად გააკონტროლოთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი, სპონტანური გადაწყვეტილებები და დრო საკუთარ განვითარებას დაუთმოთ.
გარდა ამისა, 2023 წელს პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას 23 ივლისიდან დაიწყებს და 3 სექტემბრამდე გააგრძელებს და ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებზეც პასუხისმგებელია, შეაფერხებს, გარკვეულ გადაწყვეტილებებს გაართულებს და კომუნიკაციის პრობლემასაც შექმნის. ამავდროულად, ასტროლოგები ამ პერიოდს ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების ეტაპს უწოდებენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვენერას რეტროგრადულ მოძრაობას შავი მთვარე ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის მეორე ნახევარში თქვენი სასიყვარულო და ფინანსური სფერო შესაძლოა, ნეგატიურად, არაობიექტურად და დამახინჯებულად აღიქვათ. ამის გამო კი არის რისკი, რომ კონფლიქტები წამოიწყოთ, საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია გაგირთულდეთ, იფიქროთ, რომ ბედნიერი აღარ ხართ და მოტივაცია დაკარგოთ, იფიქროთ დაშორებაზე, განქორწინებასა და ურთიერთობის სამუდამოდ დამთავრებაზე. ასევე, შესაძლოა, აღარ მოგეწონოთ თქვენი გარეგნობა და მოულოდნელად ცვლილებები გადაწყვიტოთ, რაც მოგვიანებით, აღარ მოგეწონოთ.
ასევე, სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. არის იმის შანსიც, რომ იმით მოიხიბლოთ, ვინც თქვენი ღირსი არ არის, მან გული გატკინოთ და მოგატყუოთ. ამიტომ, ამ თვალსაზრისითაც ფრთხილად იყავით და თითოეული ურთიერთობა კარგად შეაფასეთ.
რეტროგრადული ვენერა წარსულში დატოვებულ ურთიერთობასთანაც დაგაბრუნებთ. თუ ადრე ვინმე ძალიან გიყვარდათ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო დაშორდით ერთმანეთს, რეტროგრადული ვენერა წარსულში დატოვებულ ადამიანთან ისევ შეგახვედრებთ და მოგცემთ შანსს, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.
ამ ზაფხულს კიდევ ერთი პლანეტა დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას – ეს მერკურია. აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას 23 აგვისტოდან დაიწყებს და 15 სექტემბერს დაამთავრებს.
ასტროლოგიაში მერკური ტვინის ანატომიაზე, ადამიანის მეტყველებისა და აზროვნების თავისებურებებზეა პასუხისმგებელი. მერკური ასევე მოგზაურობასა და ვაჭრობას აკონტროლებს. მაშინ, როდესაც აღნიშნული პლანეტა ადამიანზე სათანადო გავლენას ვერ ახდენს, როგორც წესი, მას კომუნიკაცია ურთულდება, აზრების ჩამოყალიბება უჭირს და ვერც დიალოგში შედის მარტივად.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ვიდრე პლანეტები რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებენ და ცხოვრების იმ სფეროებს შეაფერხებენ, რომლებზეც პასუხისმგებელნი არიან, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. რეტროგრადული მერკურის პერიოდში, ასევე შეგიძლიათ, დრო თვითშემეცნებას, ახალი ცოდნისა და უნარების აღმოჩენას დაუთმოთ.
გარდა ამისა, 14 ივნისიდან რეტროგრადული სატურნი თევზების ნიშანში გადავა და იქ 8 ნოემბრამდე დარჩება. ეს მოვლენა ჩვენს შიშებთან პირისპირ დაგვტოვებს და გვაიძულებს, საკუთარი თავის განვითარებაზე დავფიქრდეთ.
2023 წლის ზაფხულში, თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა. არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები, გამოიჩინოთ სამყაროს მიმართ მადლიერება, ჩაერთოთ საქმეებში დიდი ენთუზიაზმით, განაგრძოთ განვითარება და სამყარო ამ ენერგიასა და ემოციას უკან დაგიბრუნებთ.
წყარო – “ბომონდი”