არ მეგულება ადამიანი, ვინც მადონა კოიძეს არ იცნობს და მისი საქმიანობის შესახებ არ იცის, თუმცა როგორია ის, როგორც ქალი, რამდენად უყვარს საკუთარ თავზე ზრუნვა, განებივრება და სხვა მსგავსი ამბები, ამაზე თავად მოგვიყვება.
მადონა კოიძე: თავის მოვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მესმის იმ ქალბატონების, რომლებიც საკუთარ თავს პატივს არ სცემენ. ვითომდა, ეკონომიას აკეთებენ, არ უნდათ, ოჯახს მოაკლონ რამე და თავის მოვლის საშუალებებზე უარს ამბობენ. მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ თავის გამართლებაა. სინამდვილეში კი სიზარმაცეა, რადგან არ არის აუცილებელი ძვირად ღირებულ სალონებში იარო და თავის მოვლის საშუალებებზე დიდი თანხები ხარჯო. მაგალითად, შეგიძლია, შეიძინო საჭირო ხელსაწყოების ნაკრები და ფრჩხილები მუდმივად მოწესრიგებული გქონდეს. არაფრით არ მესმის იმ ქალბატონების, რომლებიც ზაფხულში იწესრიგებენ ფრჩხილებს და ზამთარში ამბობენ, იყოს, არავინ ხედავს და რა უჭირსო. ძალიანაც უჭირს. პირველ რიგში, ჩემი სიამოვნებისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გამო ვიწესრიგებ ყველაფერს, სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, მერწმუნეთ, ოჯახის წევრებსაც სიამოვნებთ მოწესრიგებული და ლამაზად ჩაცმული დედის ცქერა. მე არ ვარ ბრენდების მოყვარული, არც დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი მჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ტანსაცმელს ვყიდულობ ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია, ხშირად თვალს ვადევნებ ფასდაკლებებს, რადგან ოჯახის ბიუჯეტი არ არის უზომოდ წელვადი. მთავარია გემოვნება და საკუთარი თავის სიყვარული, სხვა ყველაფერი მოგვარებადია. ერთადერთი, რაც არ მიყვარს, მაკიაჟია. უფრო სწორად, არ გამომდის მისი გაკეთება, ძალიან მსუბუქი მაკიაჟიც კი ჩემთვის პრობლემაა. ამიტომ ათასში ერთხელ, როცა აუცილებელია, მას პროფესიონალთან ვიკეთებ. ეს არის ჩემი ნაკლი.
– ყველამ ვიცით, რა ხდება, როდესაც რესტორანში შედიხართ, მაგრამ რა ხდება, როდესაც სილამაზის სალონში შედიხართ?
– მე ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. ყოველთვის ერთსა და იმავე ადამიანთან ვიკეთებ მანიკიურს, პედიკიურს, თმას. წლებია, ერთი კოსმეტოლოგი მყავს და ასე შემდეგ. სპეციალისტს რომ შევარჩევ, მერე მისი ერთგულება მახასიათებს. მეგობრობაშიც ასეთი ვარ. კონტაქტში რთულად შვდივარ, მაგრამ ადამიანი თუ მომეწონა და მასთან კონტაქტში შევედი, როგორც ჩემი ქმარი ამბობს ხოლმე, ძაღლივით ერთგული ვარ.
– მიუხედავად ასეთი ერთგულებისა, მგონია, რომ სპეციალისტები თქვენთან მუშაობისას დაძაბულები იქნებიან. ასეა?
– კი, დაძაბულები არიან. ბათუმში ერთი ფრჩხილი მომტყდა და სასწრაფოდ უნდა მომეწესრიგებინა, რადგან გადაღებაზე მივდიოდი. ვერაფერით გამიკეთეს, ზუსტად იმიტომ, რომ ხელოსანმა ძალიან ინერვიულა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ძალიან თბილი ვიყავი, ისე ნაზად ვახამხამებდი წამწამებს, რომ თავი დაძაბულად არ ეგრძნო… დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხანში მითხრა, მაპატიეთ, არ შემიძლია, ძალიან ვნერვიულობო. ვეფერე, ვეხვეწე, მაგრამ არაფერი გამივიდა და მომიწია თბილისში მოტეხილი ფრჩხილით დაბრუნება.
– რესტორნებს სიამოვნების მისაღებად რამდენად ხშირად სტუმრობთ, ამ მხრივ თუ გიყვართ თავის განებივრება?
– ძალიან ხშირად. მე ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა. განსაკუთრებულ ყურადღებას ესთეტიკურ მხარეს ვაქცევ, რესტორანი ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს და ცხადია, ყველანაირად გამართული. სხვათა შორის, ჩემი ყველა მეგობარი „ჭამისტია“ (იცინის). ახლა მეგობრებთან ერთად მივდივარ კახეთში. ერთ-ერთი მათგანი ძალიან წუხს და ამბობს, მოდი, სადმე პური და ყველი ვიყიდოთ, თორემ რომ დაინახავენ მადონასთან ერთად ვართ, საჭმელს არ გვაჭმევენ, ამიტომ ჯობს, მზად ვიყოთ, რომ მშივრები არ დავიხოცოთო (იცინის).
– რეალურად, როგორ გხვდებიან ხოლმე?
– რომ გითხრათ, გახარებულები და ბედნიერები-მეთქი, დამიჯერებთ?! (იცინის). რა თქმა უნდა, ასე არ არის. ეს დიდი დისკომფორტია ჩემთვის. მე მამა ჩერჩილს მეძახდა. ჩერჩილს ჰქონია ასეთი თვისება, ომი იყო თუ სხდომა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორც კი მოშივდებოდა, ბოდიშს მოიხდიდა და წასახემსებლად გავიდოდა. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, არ აინტერესებდა (იცინის). მეც ასეთი ტიპაჟი ვარ. თუ მომშივდა, აუცილებლად უნდა წავიხემსო. წარმოიდგინეთ, გამგელებული შევდივარ რესტორანში და ისინი ცდილობენ განსაკუთრებული კერძი მომიმზადონ, რომ თავი მომაწონონ. ასეთ კერძს კი ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება. ანუ, ჩემს შემდეგ შემოსულ ყველა მომხმარებელს მოუტანეს კერძი და მე ვზივარ და ველოდები, როდის მომეცემა ჭამის საშუალება. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი კეთილი მადო ვიქნები ამ სიტუაციაში?! (იცინის).
– ოჯახში როგორი ხართ, მგონია, რომ არ იქნება მარტივი თქვენი შვილობა…
– როგორც ყველა დედას, შვილები უზომოდ მიყვარს და სიყვარულის გამოხატვის უნარიც მაქვს. 31 წლის ბიჭს და 29 წლის გოგოს პატარა ბავშვებივით ვეფერები და ასევე, ვეფერები სიძეს. ძალიან კარგი სიძე მყავს, არაჩვეულებრივი ექიმი და პატივსაცემი ადამიანია. გოგოც ძალიან წარმატებული მყავს. ერთ-ერთ გამგეობაში მუშაობს, ძალიან კარგი სპეციალისტია. ორი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, ქრონიკული სტუდენტია. ორი პატარა შვილიშვილი მყავს და ყველანაირად ვუწყობ ხელს, რომ თვითგანვითარებაზე იზრუნოს. ბიჭიც არაჩვეულებრივი მყავს.