მაკა ბაშარული შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით მოხვდა.
მისი ისტორია რთული და აღმაფრთოვანებელია – ის მექსიკის რთული გზით შტატებში შეყვარებულთან გაემართა, რაც მის თავს ხდებოდა სიზმარი ეგონა, თუმცა რეალობა იყო.
თუმცა დღეს, როგორც ამბობს, არცერთ ნაბიჯს არ ნანობს და USAgeorgians.com-თან საუბარში აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ გზას კიდევ გაივლიდა.
“პროფესიით ვარ იურისტი, საქართველოში ვსწავლობდი იურიდიულზე, ძალიან მიყვარს და მაინტერესებდა ეს მიმართულება. საქართველოში საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში, რაც დღეს ძალიან მენატრება და მაკლია. როდესაც დადგა საკითხი ჩემს ცხოვრებაში რომ უნდა წამოვსულიყავი ამერიკაში ჩემს შეყვარებულთან, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და სხვა მიზნები, სხვა მისწრაფებები და ოცნებები დავისახე, რომელიც აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა, რადგან ამერიკაში მელოდებოდა ჩემი ადამიანი, რომელსაც დავუკავშირე ჩემი ცხოვრება. პირველი, რაც გავაკეთეთ მე და თორნიკემ, ეს იყო მოძიება იმ პროგრამების, რითაც მე შევძლებდი ამერიკაში ჩამოსვლას. მოვლენები არ განვითარდა იმ ეტაპზე ისე, როგორც ჩვენ გვსურდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ძალიან რთული გზით, მექსიკის გავლით უნდა ჩამოვსულიყავი ამერიკაში. ეს გადაწყვეტილება იყო საკმაოდ რთული, პასუხისმგებლობიანი, შიშისა და რისკის შემცველი, თუმცა არცერთი წამით არ დავმარცხებულვარ საკუთარ თავთან, რადგან ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში იყო გააზრებული ნაბიჯი, რომელსაც არასოდეს არ ვინანებ. ვერ გადმოვცემ და ძალიან რთულია გადმოსცე ეს ემოცია და განცდები, რასაც იმ მომენტებში ვგრძნობდი, ეს იყო ენით აღუწერელი, ძალიან შემაძრწუნებელი ნაბიჯები, მაგრამ იმედით და სიყვარულით სავსე, რომელიც მე შევძელი და გამომივიდა. ბოლოს არ მჯეროდა, ეს ყველაფერი, რომ ჩემს თავს ხდებოდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, მაგრამ როდესაც დავინახე თორნიკეს თვალები, როგორ მეძებდა აეროპორტში უამრავ ხალხში არეულს, მაშინ ყველა ემოცია ერთად მოზღვავდა და გავქვავდი, სწორედ იმ წუთებში ვიგრძენი ყველაზე მეტად, რომ ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ვყოფილიყავით. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ადამიანები, როდესაც ჩვენს ისტორიას იგებენ, ვნანობ თუ არა ამ გზით წამოსვლას და რამდენად რთული იყო. ეგ გზა ნამდვილად რთული იყო, მით უმეტეს 22 წლის გოგონასთვის, მაგრამ რაც შეეხება სინანულს, არცერთი წამით არ მინანია, კიდევ მეათასედ რომ დამჭირდეს ამ გზის გავლა, ისევ ახლიდან ჩავალაგებდი ბარგს, მასთან შესახვედრად“ – გვიყვება შტატებში მცხოვრები ქართველი.