ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, საავტომობილო გზაზე, ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე [2 ივნისის მდგომარეობით], ავტოტრანსპორტი გზის ერთ სავალ ზოლში მოძრაობს. შესაბამისად, გადაადგილება ჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი არ არის.
თვითმხილველის თქმით, „მეწყერი, როგორც ასეთი, არ ყოფილა და არც დიდი მასა ჩამოწოლილა გზაზე, თუმცა ფერდის ჩამოშლით გზის სავალი ნაწილი დავიწროვდა და მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს ადგილი ადრე დაიმეწყრა“.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის ამ მონაკვეთზე სპეციალურ კვლევებს ატარებენ საპროექტო დასკვნის მოსამზადებლად, რათა შემდეგ ისე გადაწყდეს გზის გაყვანა, რომ „მეწყერმა აღარ შეაფერხოს არაფერი“.
დიოკნისთან გზა წელს რამდენჯერმე დაიმეწყრა, ამიტომ „ბათუმელები“ დაინტერესდა, როდის დაიწყო საპროექტო სამუშაოები და როდის იქნება დასკვნა მზად.
საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ სოფელ დიოკნისთან წელს ჩამოწოლილი რამდენიმე მეწყრული კერის შესწავლა კომპლექსურად უწევთ: „კვლევითი სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო და ამ თვის განმავლობაში, ანუ ივნისის თვეში, უნდა დაიდოს საბოლოო დასკვნები. როგორც კი გვექნება დასკვნები, უკვე რაღაც ქმედით ნაბიჯებზე გადავალთ“.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge