ბავშვთა კეთილდღეობის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
კვლევას მიხედვით:
სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28 % არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, ბავშვების 22 % არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6 პროცენტი ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.
2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98 % ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.
კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19 % და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისარგებლოს აღნიშნული სერვისით. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღებისყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 %-ში.
საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 %), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
მშობლების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით.
სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 %), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 %). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.
ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.
ბავშვების 62 % მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება დაფიქსირდა ბავშვების 29 %-ის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 % დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს.
შეგახსენებთ, მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები.
გამოკითხვა მოიცავდა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ.
კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი.