მარწყვის სეზონი არც ისე დიდ ხანს გრძელდება. რა თქმა უნდა, ამ სეზონით უნდა ისარგებლოთ, მაგრამ კარგად უნდა დააკვირდეთ, რომ ნამდვილად ნატურალური პროდუქტი შეიძინოთ და არა ქიმიური საშუალებებით მოყვანილი. მარწყვი საკმაოდ სასარგებლოა და გირჩევთ, ბავშვებს აუცილებლად შესთავაზოთ ყველა სეზონზე.
მარწყვი 20 საუკეთესო ხილს შორისაა ანტიოქსიდანტური შესაძლებლობებით, არის მანგანუმისა და კალიუმის კარგი წყარო. მხოლოდ ერთი პორცია – დაახლოებით რვა მარწყვი – უზრუნველყოფს C ვიტამინს უფრო მეტ დოზას, ვიდრე ფორთოხალი.
თუმცა ბავშვისთვის მარწყვის მიცემას ერთი წლის ასაკამდე არ გირჩევთ. თავიდან ერთი-ორი ცალი ნაყოფიც კმარა, რათა დაუკვირდეთ, ხომ არ გამოიწვია რაიმე ცვლილება კანზე, კუჭ-ნაწლავის მოქმედებაში…
რჩევა:როცა ბავშვს ჟოლოს, მარწყვს ან სხვა კენკრას სთავაზობთ, შაქარი არ დააყაროთ. ჯობია, თავიდანვე უშაქროდ მიეჩვიოს. თუ წვენის ან კომპოტის შეთავაზებას აპირებთ, აუცილებლად დალევის წინ მოამზადეთ.
არსებობს რამდენიმე ხერხი, თუ როგორ უნდა აარჩიოთ ჯანსაღი მარწყვი სპეციალური მოწყობილობის – ნიტრატმზომის გარეშე.
პრიალა. თუ მარწყვი პრიალებს, ძალიან მუქი წითელია და ზედაპირი იდეალურად გლუვია, ნიშნავს, რომ ნაყოფი ხელოვნურადაა დამუშავებული. ბუნებრივ და ჯანსაღ პირობებში მოყვანილი მარწყვი არათანაბარი ფორმისაა, არაპრიალა და უფრო ღია ფერის.
ზომა. რაც უფრო დიდია კენკრა, მით მეტი ქიმიური ნივთიერებაა გამოყენებული მის მოსაყვანად. მიუხედავად ჯიშებისა, ყიდვისას უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ არც თუ ისე დიდ მარწყვს არაპრიალა ზედაპირით.
არომატი. თუ მოსავალი გაშენებულია ღია სივრცეში, კენკრა უფრო სურნელოვანი იქნება სათბურში მოყვანილთან შედარებით. არომატს მიახლოვებისთანავე იგრძნობთ – ნატურალური მარწყვისგან ყოველთვის იფრქვევა სურნელი .
ხასხასა ყუნწი. ის უნდა იყოს ელასტიური, მწვანე ფერის და მჭიდროდ ეკვროდეს კენკრას. გახუნებული ყუნწი, რომელმაც სიკაშკაშე დაკარგა, მიუთითებს იმაზე, რომ მოსავლის მომწიფებაში ნიტრატები გამოიყენეს.
როგორ შევამოწმოთ მარწყვი დამუშავებულია თუ არა დიფენილით?
დიფენილი უფერო, უსუნო ნივთიერებაა, რომელსაც კენკრას შენახვის ვადის გახანგრძლივებისთვის ასხამენ, რათა ტრანსპორტირებას გაუძლოსდა დიდი ხნის განმავლობაში მშრალი დარჩეს. ამ კონსერვანტის იდენტიფიცირებისთვის შეგიძლიათ მარტივი ტესტის ჩატარება.
მარწყვის ხარისხის შემოწმება:
ტესტი 1
მარწყვი ჩაყარეთ ჭიქაში, შეავსეთ თბილი წყლით, დაელოდეთ ხუთი წუთით და ნახეთ, გაჩნდა თუ არა ზეთის ფენა წყლის ზედაპირზე. თუ ნაყოფს დიფენილით დაამუშავებენ, ზეთის წვეთები წყალში გამოიყოფა.
ტესტი 2
მარწყვი შუაზე გაჭერით და ქაღალდის პირსახოცზე დააწყვეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ, აიღეთ კენკრა და შეამოწმეთ კვალი, რომელიც წვენმა დატოვა. რაც უფრო მეტი ტენიანობა რჩება ქაღალდზე, მით უფრო ბუნებრივია კენკრა.
მარწყვის გარეცხვის წესი
ჩაყარეთ მარწყვი ოდნავ თბილ წყალში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ეს 3-ჯერ-4-ჯერ გაიმეორეთ.
წყარო: mshoblebi.ge