პატრიარქის ბინაში შესულ ყაჩაღთაგან ერთ-ერთს ცოდვა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუნანიებია. მძიმე სენით დაავადებული კი ტაძრის გარემონტებაში აქტიურად მონაწილეობდა…
“90-იან წლებში ამ ოჯახში შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და პატრიარქის დაწერილი ხატები წაიღეს”
– ხომ არ იცით, თემქაზე რა ადგილას მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი?
– მეთერთმეტე მიკრორაიონის პირველ კვარტალში, რვასართულიანი სახლის პირველ სართულზე…
– უკაცრავად, მე ტაძარზე გკითხეთ.
– მეც ტაძარზე გეუბნებით! ამ ტაძარში მამა შოთა წირავს…
– ტაძარი მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა?!..
– არც მე მჯეროდა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე…
სოციალურ ქსელში გამართულ ამ დიალოგს შემთხვევით გადავაწყდი. თემას უამრავი ადამიანი ეხმაურებოდა… ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო, – ნათქვამია და რამდენიმე დღის წინ მითითებულ მისამართს კითხვა-კითხვით მივადექი.
კვიპაროსებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე ჯვრის გამოსახულებიანი კარით შევდივარ. ეზოში აღმართული ჯვარცმით და დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლის ილორის წმინდა გიორგის ხატით ვხვდები, რომ სოციალურ ქსელში ამოკითხულ მისამართზე ვარ. კართან რამდენიმე ქალბატონი მეგებება… მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სამოთახიან ბინაში, ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა. უკვე 10 წელია, აქ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. მრევლით სავსე დერეფნიდან, მთავარ დარბაზში შევდივარ.
ფრესკებით მოხატული კედლები, მედავითნეები, საკურთხეველი, მოძღვარი…
წირვის დამთავრების შემდეგ, ტაძრის წინამძღვრისგან ვიგებ, რომ ასეთი ტაძარი, საქართველოში არ არსებობს.
როგორ იქცა პატრიარქის ბინა ტაძრად
უწმინდესმა და უნეტარესმა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ბათუმში მოღვაწეობისას თბილისში ჩამოსული სწორედ ამ ბინაში ათევდა ღამეს. 1968-1970 წლებში, როდესაც სახლის მშენებლობა დასრულდა, მეუფე ილიას ჰკითხეს, რომელ სართულზე გნებავთ ბინაო, – პირველზე, მიწასთან ასე უფრო ახლოს ვიქნებიო…
ამ სახლში პატრიარქის მშობლები და დაც ცხოვრობდნენ.
მამა შოთა (მიქაბაძე), თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: – 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში არეულობა დაიწყო, ამ ოჯახში შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და პატრიარქის დაწერილი ხატები წაიღეს. ისინი დღემდე დაკარგულად ითვლება. ერთხანს სახლი დაკეტილი იყო. წლების შემდეგ კი მამათა მონასტრად გადაკეთდა, სადაც მამა ისააკი, შემდეგ კი მამა დოსითეოსი იყვნენ მორჩილებად… უწმინდესის განჩინებით, ტაძარი ათი წლის წინ იკურთხა… ერთხელ პატრიარქმა თქვა, მე რაც სახლები მქონდა, ყველა დავარიგეო – მათ ტაძრად გადაკეთებას მოიაზრებდა. უწმინდესის სახლები (მცხეთა, სნო), სადაც კი უცხოვრია, დღეს ყველა ტაძარია. სამწუხაროდ, ვლადიკავკაზში ვერ მოხერხდა მის საცხოვრებელ სახლთან ტაძრის აშენება… კურთხევა გვაქვს, რომ ჩვენი ტაძრის წინ მდებარე ტერიტორიაზე ტაძარი აშენდეს, თუმცა, უსახსრობის გამო შევფერხდით.
– ტაძრის თავზე ბინაში თუ ცხოვრობს ვინმე?
– რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ ახალ სახლში გადავიდნენ. ჩემი თხოვნით, საკურთხევლის თავზე მდებარე საძინებელი სხვა ოთახში გადაიტანეს… საკურთხევლის ადგილას ადრე პატრიარქის კაბინეტი იყო. ჩვენს ტაძარში დღემდე ინახება უწმინდესის მაგიდა და კამოდი. ტაძრის კედლებიც პატრიარქის კურთხევით მოიხატა.
– ტაძარში შემოსვლამდე თვალში გვხვდება წმინდა გიორგის დიდი ხატი…
– ტაძრის კარიბჭესთან მდებარე ილორის წმინდა გიორგის ხატის დედანი აფხაზეთში, ილორის მონასტერში ინახებოდა და დიდი ხნის წინ დაიკარგა. მისი დაწერის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ზომის ილორის წმინდა გიორგის ხატი საქართველოში მხოლოდ ჩვენს ტაძარშია.
„სადარბაზოს კართან ჩამწკრივებულ ბავშვებს პატრიარქი შოკოლადს გვირიგებდა“
ძველ მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ უწმინდესი, რომელიც აქ ხშირად მოდიოდა. 43 წლის ალექსანდრე გვრიტიშვილი იხსენებს: – პატრიარქი მაშინ ბათუმში მოღვაწეობდა და აქ ლურჯი “გაზ 24”-ით მოდიოდა ხოლმე. სადარბაზოს კართან ჩამწკრივებულ ბავშვებს შოკოლადს გვირიგებდა და შინ შედიოდა. წლების შემდეგ, ამ ბინაში მისი და ნინო და დისშვილი ცხოვრობდნენ. ქეთინო ჩვენი ტოლი იყო და ერთად ვთამაშობდით. ბიბლია და პირველი დიაფილმები საეკლესიო თემაზე, პირველად მათთან ვნახე…
ადგილობრივები ამბობენ, რომ პატრიარქის ბინაში შესულ ყაჩაღთაგან ერთ-ერთს ცოდვა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუნანიებია. მძიმე სენით დაავადებული კი ტაძრის გარემონტებაში აქტიურად მონაწილეობდა. ეს ამბავი აქ ყველამ იცის, თუმცა, ხმამაღლა საუბარს ერიდებიან…
მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ბიჭუნა წლების შემდეგ მწყემსმთავარი გახდებოდა…
1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში ვაჟი (ირაკლი) დაიბადა. მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ბიჭუნა წლების შემდეგ ქართველ მართლმადიდებელთა მწყემსმთავარი გახდებოდა…
მომავალი პატრიარქი (ირაკლი შიოლაშვილი) ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლისა და მოსკოვის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. ჯერ კიდევ სტუდენტი, მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, ბერად აღიკვეცა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია უწოდეს. 1960 წელს, უკვე მღვდელ-მონაზონი ილია მოსკოვის სასულიერო აკადემიას ამთავრებს, სამშობლოში ბრუნდება და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურობს. იღუმენისა და არქიმანდრიტის ხარისხის მიღების შემდეგ, 1963 წელს, ხელი დაასხეს ეპისკოპოსად, გამოირჩიეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1963-1972 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიის – იმ დროისთვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის (მაშინ საღვთისმეტყველო კურსები ერქვა) პირველი დირექტორია, 1967 წლიდან აფხაზეთის ეპარქიაში ეწევა სასულიერო მოღვაწეობას. 1977 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ირჩევენ.
წყარო:კვირის პალიტრა