ეპიდემიის მეორე ტალღა, როგორც მოსალოდნელი იყო, გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. დახმარების მომლოდინეთა წრე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე იყო, ხოლო ფინანსური რესურსი ძალიან მწირია. თუკი გაზაფხულზე ეკონომიკური სტიმულირების ხარჯი 3,5 მილიარდ ლარს აღწევდა, ახლა რეალურად ამის ნახევარი რესურსიც არ აქვს მთავრობას, ხოლო დახმარება, ფაქტობრივად, 2-ჯერ მეტ ადამიანს სჭირდება, ვიდრე პირველი ტალღის დროს სჭირდებოდა.
პრობლემის სიმწვავე, როგორც ჩანს, გაცნობიერებული აქვს მთავრობასაც, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადის, თუ რა რეგულაციები შემოიღონ და რა დახმარება გაუწიონ როგორც ბიზნესს, ასევე _ მოსახლეობას, განსაკუთრებით _ მოწყვლად ჯგუფს, რომელიც ამ დახმარების გარეშე, ფაქტობრივად, შიმშილობის ზღვარზეა. დეტალებზე ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად არ საუბრობენ, რადგან ბოლომდე გარკვეული არ არის, ხოლო სპეციალისტების წრეში უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რა მიმართულებით მოუწევს რეზერვების დახარჯვა მთავრობას, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოახდინოს და საზოგადოებასაც გაუადვილოს არსებულ პრობლემასთან გამკლავება.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ დაადასტურა, რომ მთავრობა, წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად, საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს, რომელიც მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული. მთავრობა ცდილობს, წერტილოვანი შეზღუდვები დააწესოს ისე, რომ ხალხი არ დაზარალდეს.
„ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვსურს იყოს დაბალანსებული და, იმავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია, რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია.
პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და, მეორე მხრივ, იმ დარგებისკენ, რომლებზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, – აღნიშნა თურნავამ.
ზომების გამკაცრება რომ გარდაუვალია, ცხადია, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიზმი დაინერგება, ვის გაეწევა დახმარება და რამდენს დახარჯავს მთავრობა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ღონისძიებები ამ ეტაპზეც მუშავდება, ითვლის მთავრობა, შესაბამის კონსულტაციებს გადის სპეციალისტებთან და უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, პარასკევს, გაასაჯაროებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
„ზომების გამკაცრება მოსალოდნელია, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება იყოს ზომიერი, რაც ბიზნესსა და მოსახლეობასაც ნაკლებად დააზარალებს. ეპიდემიის მასშტაბი უნდა შევამციროთ, ეს არის მთავარი ამოცანა, რადგან არსებულ სიტუაციას ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა, პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, მომავალში როგორც ინფიცირებულების რაოდენობა, ასევე სიკვდილიანობაც მოიმატებს.
კონტროლი გამკაცრდება. მნიშვნელოვანია ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და, იმავდროულად, სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.
ცხადია, მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებსაც გარკვეული დახმარება გაეწევა, მაგრამ კონკრეტულად ვინ მიიღებს კომპენსაციას, რა მექანიზმს შეიმუშავებს მთავრობა და რა დაჯდება ამ პროცესების მართვა, ასევე, სოციალური დახმარებების ხარჯი, უახლოეს დღეებში გამოიკვეთება, სავარაუდოდ, პარასკევს უკვე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა „რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ.
როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტები მოსალოდნელ ხარჯთან დაკავშირებით უფრო ღიად საუბრობენ. აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, გაცილებით მეტი დახმარება დასჭირდება, ვიდრე ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე მოხერხდა. დახმარების მომლოდინე წრე ამჟამად გაცილებით ფართოა, ხოლო რესურსი – უფრო მწირი და შეზღუდული.
აკადემიკოსის აზრით, მთავრობა პრიორიტეტად მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას დაისახავს, შესაბამისად, შეღავათი გაეწევათ ამ სფეროში უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, შესაძლოა, მათ საბანკო ვალდებულებები გადაუვადდეთ და გარკვეული ფინანსური დახმარებაც მიიღონ რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც ეპიდემიის პირველ ეტაპზე იყო განსაზღვრული. საუბარია შეჭირვებული მოქალაქეების ჯგუფის დახმარებაზეც, თუმცა კონკრეტული დეტალები საბოლოოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„გაზაფხულზე 3,5 მილიარდ ლარამდე ჩაიდო ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ესეც კი არასაკმარისი აღმოჩნდა. ახლა ამის ნახევარი რესურსიც აღარ არის, ხოლო მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. რესურსი შეზღუდულია, მაგრამ დახმარების მომლოდინე პირთა წრე გაცილებით ფართოა. ასეთი მწირი შესაძლებლობის პირობებში ცხადია, შიდა რესურსი არასაკმარისი იქნება და კვლავ სესხების აღება დაგვჭირდება.
ორ დიდ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი, პანდემიასთან, მეორე, მისახედია ეკონომიკა, რომელიც კოვიდის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია. სხვა გამოსავალი არ რჩება და გვიწევს ეკონომიკური აქტიურობის შესუსტება. ცხადია, ეს ყველაფერი დაამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ გარკვეული დახმარების გაწევაზე მთავრობა უარს ვერ იტყვის.
პირველ ეტაპზე დახმარებები გამოყენებული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, ასევე, საბანკო ვალდებულებების მქონე პირებისთვის. სესხები კვლავ გადავადდება, სხვანაირად არაფერი გამოვა, რადგან ბევრი ადამიანი ბანკებზეა დამოკიდებული. ცხადია, ამა თუ იმ მიმართულებით სუბსიდირების საჭიროებაც იკვეთება. რა დაუჯდება ყველაფერი ეს მთავრობას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ველოდები, რომ გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე ეპიდემიის პირველი ტალღისას გახდა შესაძლებელი. არ ჩანს სფერო, რომელიც ახლა სახელმწიფოს მხარდაჭერას არ საჭიროებს, რესურსი კი ძალიან მწირია”, – აღნიშნა „რეზონანსთან” სილაგაძემ.
რაც შეეხება საერთაშორისო მხარდაჭერას, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი მიმართულია კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად