ცდილობთ იცხოვროთ ჯანსაღი წესით, დიეტაზეც ხართ და ფიტნეს კლუბშიც დადიხართ, მაგრამ თავს ჯანსაღად და მხნედ არ გრძნობთ, უფრო პირიქით? შესაძლოა, საქმე იმ გავრცელებულ შეცდომებშია, რომელსაც უმეტესობა ვუშვებთ – კერძოდ, ეს უნებლიე შეცდომები მათთვისაა დამახასიათებელი, ვინც მეტად ცდილობს „მოუაროს საკუთარ თავს“. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესებიდან ერთდროულად ყველას გაკეთება არ არის აუცილებელი. 2-3 მათგანი სრულიად საკმარისია.
ვნახოთ, რომელია ეს 8 შეცდომა, რომლითაც საკუთარ სხეულს სარგებლის ნაცვლად ზიანს ვაყენებთ:
1. არ სვამთ საკმარის წყალს.
უმეტესობა აღიარებს, რომ დღეში 8 ჭიქა წყლის დალევა არ შეუძლია. დიახ, ეს არ არის ადვილი, როდესაც საქმე სუფთა წყალს ეხება და თქვენ არ ხართ მიჩვეული დღეში 2-3 ჭიქაზე მეტის დალევას. იცოდით, რომ ადამიანებში თავის ტკივილის შეტევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ორგანიზმში სითხის ნაკლებობაა? თუ პერიოდულად გაქვთ თავის ტკივილი, შეეცადეთ წამლის ნაცვლად რამდენიმე ჭიქა სუფთა წყალი დალიოთ. შესაძლებელია ამის შემდეგ აბები აღარ დაგჭირდეთ. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შეგრძნება გვაქვს, დეჰიდრატაცია ჩვენს გარეგნობაზეც გავლენას ახდენს: კანი შრება და ელასტიურობას კარგავს, ტუჩები სკდება და პირიც გვიშრება. ამას დაუმატეთ საჭმლის მონელების პრობლემები და ყაბზობის საფრთხე. დეჰიდრატაცია გავლენას ახდენს ზოგად განწყობაზეც.
როგორ დაეხმარო საკუთარ თავს? წყალში დაამატეთ თქვენი საყვარელი კენკრა, ლაიმის წვენი, ლიმონის წვენი, პიტნის ფოთლები. გააუმჯობესეთ „უბრალო“ წყლის გემო, გახადეთ ის უფრო მიმზიდველი თქვენთვის. ან უბრალოდ გაავსეთ წყლით 2 ცალი ლიტრიანი ბოთლი – ერთი სახლში დალიეთ, მეორე – სამსახურში. გაითვალისწინეთ, რომ საკმარისი წყლის დალევა ხელს უწყობს მადის დათრგუნვას და ამით საშუალებას გაძლევთ უფრო ეფექტურად ებრძოლოთ ჭარბ კვებას და ჭარბ წონას.
2. ხშირად ტოვებთ კვებას
თუ რეგულარულად არ იკვებებით დღეში 3-4-ჯერ, თუ თქვენი ორგანიზმი არ არის მიჩვეული საკვების მიღებას სტაბილური ინტერვალებით, ან თუ ხშირად გავიწყდებათ საუზმე ან წახემსება, ამით მეტაბოლიზმს აზიანებთ. მაშინაც კი, თუ თქვენ ცდილობთ იკვებოთ ჯანსაღად. ეს ჯანსაღი, მაგრამ არასტაბილური კვების ჩვევები მეტაბოლიზმის შენელებას იწვევს. ჩვეულებრივი კერძების გამოტოვებამ შეიძლება არაჯანსაღი საჭმლის მიღება, ჭარბი კვება და წონის მატება გამოიწვიოს. გარდა ამისა, წარმოიქმნება საჭმლის მონელების გარდაუვალი პრობლემები, გრძნობთ დაღლილობას და ძილიანობას.
როგორ დაეხმარო საკუთარ თავს? არ გამოტოვოთ საუზმე. გახსოვდეთ, რომ საუზმე შეძლებისდაგვარად რთულად მოსანელებელი ნახშირწყლებისაგან უნდა შედგებოდეს, რაც დაგეხმარებათ დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოთ დანაყრება და დღის პირველ ნახევარში ენერგიით მოგამარაგოთ. თუ სამუშაო საათებში სრულფასოვან კვებას ვერ ახერხებთ, ყურადღება მიაქციეთ, რას მიირთმევთ. მთელი მარცვლეულის პურის ნაჭერს მიაყოლეთ საქონლის ხორცის, ქათმის ან თევზის ნაჭრები.
3. არ იღებთ საკმარის ცილას
ბევრი თანამედროვე ადამიანი არ ჭამს საკმარის ცილოვან საკვებს. ცილა შეიცავს ყველა სასიცოცხლო ამინომჟავას, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ ამინომჟავების გარეშე ტვინის პროდუქტიული მუშაობა შეუძლებელია. ისინი ჩვენი კუნთების სამშენებლო მასალაა. ასევე, ცილის მონელებისას ჩვენ ვხარჯავთ მეტ ენერგიას და ეს გვეხმარება, ფორმა შევინარჩუნოთ. დაბალანსებული ცილის დიეტა ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
წყარო:მშობლები