პირველ მაისს, დილით, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მანქანა, საგზაო მშენებლობაზე დასაქმებული მუშის მანქანას დაეჯახა.
ადგილზე ჩოჩქოლი და ვნებათაღელვა იყო. მრავალი მანქანა გაჩერდა. ყურადღებას იქცევდა ახალგაზრდა მამაკაცის ხმაური და გაბრაზებული საუბარი:
“მჩაგრავენ. აქეთ დამეჯახა და კიდევ მე მაბრალებენ, შენ ხარ დამნაშავეო. პოლიცია, თან პატრული, ამას უნდა კადრულობდეს? თუ მათი იმედი უნდა გვქონდეს? ბათუმის მხრიდან ისეთი სიჩქარით მოდიოდა, როცა დამარტყა, დაახლოებით, ასი მეტრის მანძილზე, გაჩერება ვერ შეძლო. წამოდით, ნახეთ, სად დამეჯახა, რა ადგილზე და მერე სად გაჩერდა, _ გვითხრა გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ ჯაბა კაპანაძემ.
კაპანაძემ და მის გვერდით მდგომმა დანარჩენმა მუშებმა, რომლებიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოზე არიან დასაქმებულები, გვაჩვენეს ასფალტზე თეთრად შემოხაზული წრე, როგორც ავარიის, ისე საბოლოო გაჩერების ადგილზე.
_ ჩვენ ვთხოვეთ, თავიანთი ვიდეოჩანაწერი ეჩვენებინათ, თუმცა, კატეგორიული უარი გვითხრეს. მანქანაში ვიდეოთვალი არ გვაქვსო. აბა, რა აქვთ? რომელი საპატრულო მანქანაა ისეთი, რომელსაც ეგ არ აქვს? საჭესთან მჯდომ პატრულ პოლიციელს ხმა არ ამოუღია, სიტყვაც არ უთქვამს. აშკარად გრძნობდა თავის დანაშაულს. თუმცა, აქ კიდევ ოთხი ეკიპაჟი მოვიდა და სასწრაფოდ გადამალეს, წაიყვანეს მანქანაც და მძღოლი პატრულიც. ამ გზაზე, კონკრეტულად, ამ მონაკვეთზე, ისედაც ნელა უნდა მოძრაობდეს მანქანა. ნებისმიერი, არა თუ პატრულის ეკიპაჟი. ამდენმა ადამიანმა უყურა ამ ფაქტს. ისე იუარეს, თითქოსდა, არაფერი. ვიმეორებ, ვუხვევდი სრული წესების დაცვით. გავასაჩივრებ, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, _ თქვა ჯაბა კაპანაძემ.
_ ქვითარი ისე სწრაფად გამოწერეს, წესიერად არც დააკვირდნენ ადგილს, სადაც ავარია მოხდა, _ ხელში ქვითარი ეჭირა კაპანაძეს, რომელიც, მისივე თქმით, პატრულმა შეაჩეჩა და 250-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
_ არაფერში დამნაშავე არ ვარ. იქნებ, ვინმემ იფიქროს, რომ მხოლოდ თავს ვიმართლებ და მეტი არაფერი… ჩართული მქონდა ციმციმა, ვუხვევდი. ფრთხილი ადამიანი ვარ. ერთი მანქანა გავატარე. მეტი არავინ ჩანდა. როგორც კი დავიწყე მანევრი, უცებ, ბათუმის მხრიდან მომავალმა პატრულის მანქანამ, როგორც გითხარით, თავი ვერ შეიკავა და შემეჯახა. ისე ძლიერ დამარტყა, თვითონ მანქანა ვერ გააჩერა. ეს ხომ ფაქტია? _ დაჟინებით იმეორებდა ის.
_ ესენი ხალხია? როგორ შეიძლება პატრულმა თქვას, მანქანას ვიდეოთვალი არ აქვს, ხარვეზიანიაო. თუ ხარვეზი აქვს, სამსახურში რა უნდა, რომ დადის? ასე გასვლა შეიძლება? იქნებ, სხვებსაც დაეჯახოს და იტყვის მერე, არ მაქვს ვიდეოთვალი, თუმცა, ეგ არაფერი, ისეც ვიცი, რომ მართალი ვარო? შენ ქვევით ხარო და წყალს მაინც შენ ამღვრევო?!
ასე როგორ არიან გათავხედებული? ხუთმა ადამიანმა ვუყურეთ, რა მოხდა. წარმოადგინონ ვიდეომასალა. თუ არ აქვთ, რატომ არ აქვთ? ხალხმა ყველაფერი დაინახა. მანქანა სასწრაფოდ წაიყვანეს და გადამალეს. კამერები არ მუშაობსო, როგორ აცხადებენ? რომ წაიყვანეს და გადამალეს, რატომ დაფრთხნენ, თუ მართლები იყვნენ? აქ საათში ორმოც კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობა არ შეიძლება. წესიერად წამოსული, არათუ არ დაეჯახებოდა, გაჩერებასაც მშვენივრად შეძლებდა. დაარტყა და მერე კიდევ ას მეტრ მანძილზე იარა. ბოლოს კიდევ გადამალეს კოლეგებმა. როგორ არიან გათავხედებული?! ცოდვაა ეს ბიჭი. ფრთხილი და დინჯი ახალგაზრდაა. აგერ, ლეღვაში ცხოვრობს. ფიზიკურად შრომობს მუდამ. ყველა გვერდით დავუდგებით. ყველას გვაქვს მართვის მოწმობა, მოძრაობის წესებიც კარგად ვიცით. აი, ძალიან ღიად რომ ჩანს მათი ბრალეულობა _ სასწრაფოდ ამბობენ, ვიდეოთვალი არ მუშაობსო და წამებში მიარბენინებენ მანქანას, რომ ვინმემ რაიმეს არ მიხვდეს. ყოჩაღ მაგათ! იმედია, სამართალს ვიპოვით! _ ამბობს “გურია ნიუსთან” ნოდარ შაინიძე, რომელიც, ასევე, გზის მშენებლობაზე მუშაობს.
ჩვენ ვესაუბრეთ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს. მათ “გურია ნიუსთან” მოკლე კომენტარი გააკეთეს:
_ მომხდარის თაობაზე მოკვლევა ჩატარებულია. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ პრესცენტრს, _ გვითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
რა თქმა უნდა, ჩვენ დავუკავშირდით საპატრულო პოლიციის გურიის რეგიონის პრესსამსახურს:
_ ჩვენი მხრიდან, აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
კითხვაზე _ მოქალაქე კაპანაძე, რომელიც ამბობს, რომ მას თავად დაეჯახა საპატრულო პოლიციის მანქანა და აპირებს, გაასაჩივროს ეს ფაქტი და დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა, გვითხრეს, რომ მას ამის უფლება აქვს:
_ თავად ამბობს ასე, თუმცა, სინამდვილეში თვითონ დაეჯახა. მეტად ვერ ჩავერევით. თუ ასე იქნება, შესაბამისი საგამოძიებო მოკვლევა უნდა ჩატარდეს, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის” განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა “გურია ნიუსთან”
წყარო: gurianews.com