ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.
„როგორ გამოვიცნოთ, ვართ თუ არა ავად, რა სიმპტომები აქვს კოვიდს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაგვიტანია გრიპი და დასვამთ კითხვას, როგორ მივხვდე, არის თუ არა ეს გრიპი, მით უმეტეს, რომ სეზონური დაავადებების დრო მოდის და ძალინ რთული იქნება იმის გარჩევა, კოვიდით ხართ ავად, თუ გრიპით.
თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის. ამიტომ, თუ თქვენ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცეოდით კოვიდის შემთხვევაში, ეს იქნება სწორი. შეიძლება არ აღმოგაჩნდეთ, როცა ტესტს გაიკეთებთ, თუმცა ჯობს თავი დაიზღვიოთ, ვიდრე ეთამაშოთ ამ დაავადებას“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.
მისივე თქმით, კოვიდს ახასიათებს ყველა ის სიმპტომი, რაც ყველა რესპირატორულ დაავადებას.
„თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე ძალიან ძლიერად გამოხატული, სიცხე, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ღებინება, ქვედა კიდურებში ტკივილი, გამონაყარი კანზე, მოვარდისფრო, მოიასამნისფრო, განსაკუთრებით ფეხის თითებთან ახლოს“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.
მისივე განმარტებით, ამ დროს შეიძლება გამწვავდეს სხვა დაავადებები, რომელიც პაციენტს აქვს და პირველი გამოვლინებაც ეს იყოს, ამიტომ, ექიმი გვირჩევს, „ვუსმინოთ საკუთარ თავს და პირველ რიგში, კარგად შევისწავლოთ ის მდგომარეობა, როცა არაფერი გვტკივა და კარგად ვგრძნობთ თავს, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი ახალი სიმპტომის გამოვლენისას ჩვენი თავი შეგვიძლია შევადაროთ იმას, როცა კარგად ვგრძნობდით თავს“.
„ამით მიხვდებით, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც ხდება. რაც შეეხება სიმპტომებს, კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ერთი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, თუ სხვა არაფერი გაქვთ, ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ, რადგან ეს არის ერთი ყველაზე დამახასიათებელი ამ დაავადებისთვის – ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს წარმოუდგენელი დისკომფორტია და არ გამოგეპარებათ“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.
ექიმის განმარტებით, კოვიდისთვის ასევე დამახასიათებელია სუნთქვის უკმარისობა და სხვა სიმპტომები, რომელიც მეოთხე-მეხუთე, მეშვიდე დღეს იწყება, განსხვავებით გრიპისგან, როდესაც ყველაფერი პირველივე დღიდან ვლინდება.
„შეიძლება გტეხავდეთ ძვლებში, გტკიოდეთ თავი, გეხვეოდეთ თავბრუ და მეოთხე-მეხუთე დღეს დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა“, – განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.
მანვე აღნიშნა, რომ მიმართეს ისეთმა პაციენტებმაც, რომელთაც კონექტივიტი ჰქონდათ, და კოვიდდადებითები აღმოჩნდნენ, სხვა სიმპტომი კი, არ აღენიშნებოდათ.