ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ სამოქმედო გეგმაზე საუბრობს, რაც მისი შეფასებით, დღეს ჰოსპიტალურ სექტორში უნდა გაკეთდეს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
მიმაჩნია, რომ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ჰოსპიტალურ სექტორში:
გაწერონ ყველა მსუბუქი ან საშუალო პაციენტი, რომელსაც არ სჭირდება ჟანგბადი;
და მათი მდგომარეობა ოჯახის ექიმებმა მართონ (რა თქმა უნდა, რისკების შეფასების შემდეგ);
კერძო კლინიკებმა შეიმუშავონ მკურნალობის კონკრეტული ღირებულების რაოდენობა და მიიღონ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია აღნიშნული თანხის გადახდა (სადაზღვევო კომპანიებმა გადაიხადონ აქედან რაღაცა ნაწილი);
ბოლო უნდა მოეღოს კოვიდ ისტერიის გავრცელებას, პოზიტიურ ჭრილში მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ფართო მასებისთვის, რის საფუძველზეც გადაილახება შიში აღნიშნული დაავადების მიმართ;
აქტიურად მუშაობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები) და შეიმუშავონ პროტოკოლი კოვიდ 19 – ით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაწესრიგებლად და შეიქმნას გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი;
ამუშავდეს ტელემედიცინის სექტორი და აქტიურად ჩაერთოს დაავადების მართვაში;
სასწრაფო დახმარების სერვისები უნდა მოწესრიგდეს, ვინაიდან მისი პრიორიტეტულობიდას მიუხედავად, მხოლოდ კოვიდი არ არის დაავადება, რომლითაც იღუპებიან ადამიანები და კიდევ უამრავი დაავადება არსებობს, რასაც დროული და გადაუდებელი ინტერვენცია სჭირდება;
შეიძლება ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ ასეთი აზრები გამიჩნდა ქვეყანაში განვითარებული ჯანდაცვის სისტემის სფეროში შექმნილი გამოწვევების აქტიურად მართვის კუთხით. ეს დაავადება დაძლევადია! უნდა დავეხმაროთ ხალხს ამის გააზრებაში, რათა დაიძლიოს საყოველთაო შიში კოვიდის მიმართ” – წერს ზურა სიხარულიძე.