რა კვალს და ჩივილებს ტოვებს კოვიდ-19 ორგანიზმში მას შემდეგ, რაც ადამიანი მისგან განიკურნება. ამ თემასთან დაკავშირებით “დღის კურიერში” მედიცინის აკადემიური დოქტორმა მაკა ბულეიშვილმა ისაუბრა.
“განსაკუთრებით აღინიშნება ხანგრძლივად გამყოლი ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ კუნთების ტკივილი, ქოშინი, არის ხშირად, რომ თავის ტკივილს უტოვებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, რომელიც საკმაო ხანს უგრძელდებათ,” – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია ყურადღება შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც.
“აუცილებელია, თუ პაციენტები არიან სისტემური და ქრონიკული დაავადების მატარებლები, გულსისხლძარღვთა, ფილტვების დაავადების, ჰიპერტენზიის, ონკოლოგიური, აუცილებელია, რომ ვაკონტროლოთ სისხლის შედედების თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს თრომბოემბოლიური გართულება. კარგი იქნება თუ ისევ გვექნება კონტაქტი ოჯახის ექიმთან, გაკეთდება სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, D დიმერი, რომ არ მივიღოთ იმ კონკრეტული ქრონიკული დაავადების გართულება,”- აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.
მედიკოსმა იმ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსის მსუბუქ ფორმას სახლის პირობებში მკურნალობენ, დამატებითი რჩევებიც მისცა და განაცხადა, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა გამოსაჩენი მედიკამენტების მიღების მხრივ და არ უნდა მოხდეს მათი თვითნებურად მიღება, არც დაავადების დროს და არც პრევენციის მიზნით:
“აუცილებელია გავანიავოთ ოთახი, სუფთა ჰაერი ყველასთვის კარგია. ასევე ვურჩევდი ვინც სახლშია, რომ მეტი მოძრაობა, ვისაც აქვს ფილტვების ესა თუ ის დაავადება ძალიან კარგია ბუშტების გაბერვა, ვიმოძრაოთ სახლში, მივიღოთ სითხეები, მაგრამ ასევე მინდა მინდა აღვნიშნო, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებმა კონტროლი უნდა გასწიონ სითხეებთან დაკავშირებით, რამდენადაც არაა მიზანშეწონილი დიდი რაოდენობით სითხე, ასევე კარგი იქნება თუ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს. არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ თვითნებურად არც ანტიბიოტიკები, არც ჰორმონები, რაც ძალიან ხშირად მესმის პაციენტებისგან, რომ იღებენ დექსამეტაზონს, ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს, გამათხელებლებს. ამით, შეიძლება ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი სავალალო შედეგი სხვა დაავადების სახით”- განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.