რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
როგორც ცოლ-ქმრის მეზობლები ვარაუდობენ, შესაძლოა კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და კოვიდ-19 აქვს ქალსაც, რომელიც ახლა მკურნალობას კლინიკა “რუსთავში” გადის.
“ინფო რუსთავს” მე-12 მიკრორაიონის მცხოვრები ქეთევან გიორგაძე უყვება, რომ ცოლ-ქმარს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.
“10 დღეა ეს ადამიანები არიან ცუდად. ქალს ჰქონდა სიცხე და ყელის ტკივილი. მერე ამას აღარ ჰქონდა სიცხე და მითხრა ჩემს მეუღლეს აქვსო, 39.7 უფიქსირდება და ვერ ვუგდებთ ტემპერატურასო. ეს გაგრძელდა მთელი შვიდი დღე. ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა. მოვიდა სასწრაფო, გადაიყვანეს, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს. ამის შემდეგ ერთი დღე გავიდა და გარდაიცვალა ეს მამაკაცი. ეს ქალბატონი კი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული ახლა. ბოლოს რომ დავურეკე მითხრა, უკვე იმდენად მძიმედ ვარ შეიძლება ვეღარ გიპასუხოო”, – აცხადებს ქეთევან გიორგაძე.