რატომ უჭირთ ადამიანებს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის დაჯერება- ამის შესახებ ჟურნალ “თბილისელებს” ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი) ესაუბრა:
დღეს ბევრ ადამიანს უჭირს მაცხოვრის აღდგომის დაჯერება.
– ამის დაჯერება მაშინაც უჭირდა ბევრს და ახლაც უჭირთ. ვინმემ რომ იკითხოს – მამაო, ვერ გამიგია, როგორ აღდგა ქრისტეო, შეიძლება, განკითხვაში ჩავვარდეთ და მასზე შთაბეჭდილება შეგვეცვალოს. მაგრამ, ეს არ იქნება სწორი. ადამიანის გონება უნდა იყოს მეცნიერი, გამომძიებელი, უნდა იყოს საღვთო ეჭვებში. არ შეიძლება, ყველაფერი ბრმად ირწმუნო. ამიტომაც ინება ღმერთმა, რომ თომა მიეშვა საკუთარ სხეულთან. შეეხო თუ არა მას თომა, არ ვიცით, მაგრამ უფალი, ჩვენგან ითხოვს რწმენას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ირწმუნო მხოლოდ – არ არის საკმარისი, ამისი მატერიალური დადასტურებაც უნდა შეგეძლოს. თომამ თამამად გამოხატა თავისი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი საღვთო ეჭვი. ადამიანი, რომელიც ლაზარეს აღდგომას დაესწრო, იგებს, რომ მაცხოვარი უნდა ეწამოს, აღდგეს მკვდრეთით. ძალიან საინტერესო და საცნაურია მაცხოვრის სიტყვები, როდესაც ის ეუბნება თომას: „თომა, მოვედი და იხილე, ურწმუნო კი არა, მორწმუნე იყავ“. როდესაც ადამიანი განცხადებულად შეეხები ღვთაებრივს, ადვილია, ირწმუნო, მაგრამ, როცა არ გინახავს და მაინც მტკიცედ გწამს, რომ იესო ძე ღვთისაა და ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით – აი, ასეთ რწმენას აქებს უფალი. ადამიანის ხასიათი ისეთია, უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს.
– ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდანვე მრავალი ცრუ, მწვალებლური სექტის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ქრისტე მოვიდა სულიერად, ხილვით, მოჩვენებით და არავითარი ჯვარცმა არ დაუთმენიაო და ეს ბევრმა დაიჯერა კიდეც.
– ამიტომაც არის საჭირო, რომ ხორციელად, მატერიალურად შევეხოთ საღვთო საიდუმლოს. ასე ეუბნება თომას ქრისტე: „შემეხე, ნახე – სულს ხორცი და ძვალი არ აქვს“. მარტო სულის აღდგომა არ ყოფილა. იმიტომ, რომ მაცხოვარს სულიერი აღდგომა არ სჭირდებოდა. ის არის ერთარსება, სამპიროვანი ღვთის მეორე ჰიპოსტასი. ის ადამიანური ბუნებით, ხორციელად ეცვა ჯვარს, აღადგინა დაცემული ბუნება ადამიანისა. კვირის განახლება, თომას კვირა ჩვენთვის არის კიდევ ერთი განმტკიცება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ ქრისტე მართლა აღდგა. თომას ურწმუნო კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. დღესაც ბევრი რამ არ იციან, მაგრამ ერიდებათ, რომ ჰკითხონ სულიერ ძმას, დას, მას, ვინც შედარებით განსწავლულია, ან მოძღვართან თქვან აღსარებაში – მამაო, არ ვიცი, რას ნიშნავს ესა თუ ის საიდუმლო. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ გაიგებს, არ შეიმეცნებს, ის მართლა ურწმუნო ქრისტიანი იქნება. ჩვენ ადამიანების ცხოვრების გარკვეული ნიუანსები უნდა ვიცოდეთ, რათა, რამე რომ დაგვემართოს, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არ ვთქვათ, ეს მე რატომ დამემართაო. მოძღვარი ვარ, მაგრამ ბევრ რამეში ნაკლებად ვერკვევი, ამიტომ, ვეკითხები მოძღვარს, ეპისკოპოსს, ვცდილობ, მეტი წავიკითხო, ვისწავლო, ვილოცო. ადამიანი რწმენაში, სიყვარულსა და ცოდნაში მარადიულად განისწავლება. დედამიწაზე თუ ხორციელად განვისწავლებით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მერე ის სულიერად განისწავლება და ეს არის მარადიული პროცესი. ოღონდ, თუ დედამიწაზე არ დაიწყე საღვთო შემეცნება და განსწავლა, ბუნებრივია, იმქვეყნად ვერაფერს მიიღებ. ასე რომ, სწავლა სიბერემდე კი არა, უფლამდე მისასვლელი გზაა. განსწავლა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი მაგალითი თომა მოციქული და მისი თამამი, გულწრფელი აღიარებაა იმისა, რომ ვერ იგებს, მაცხოვარი მართლა აღდგა თუ არა. კვირაცხოვლობის კვირიაკე – ეს არის ადამიანის გონების ამაღლება, ადამიანის მეცნიერული აზროვნება, ეჭვის განქარვება.