ყველაზე დიდ ასტეროიდს, ცერერას, 2006 წელს ჯუჯა პლანეტის სტატუსი მიანიჭეს და ის მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდულ სარტყელში მდებარეობს. მას სფეროს ფორმა აქვს და მზის გარშემო შემობრუნებას 4,6 წელიწადს ანდომებს. პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას 90-100 დღეს ანდომებს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ერთ ნიშანში 9 თვეც კი დარჩეს.
ცერერა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ფინანსურ სფეროზე, საკუთარი თავის აღქმასა და შეფასებაზე. თუმცა, ითვლება, რომ იგი ყველაზე მეტად მაინც ემოციურ სფეროს აკონტროლებს. შესაბამისად, როდესაც ჯუჯა პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ადამიანები თავს არაკომფორტულად გრძნობენ, აქვთ მომატებული შფოთვა, სტრესი, უჭირთ ფინანსური ოპერაციების სწორად განხორციელება და წარმატების შანსიც მცირდება. ცერერამ რეტროგრადული მოძრაობა სასწორის ნიშანში 23 მარტიდან დაიწყო და 6 მაისს ქალწულის ნიშანში დაასრულებს.
ცერერა სასწორის ნიშანში, როგორც წესი, კომფორტულადაა და პარტნიორულ ურთიერთობებსა და გუნდურ მუშაობაში განსაკუთრებით ხელს გვიწყობს. პარტნიორებთან თანამშრომლობით პრიორიტეტი ბიზნესისადმი შემოქმედებითი მიდგომა და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, მაგრამ მისმა რეტროგრადულმა მოძრაობამ ეს ყველაფერი შესაძლოა, სრულიად საპირისპიროდ წარმოაჩინოს. ურთიერთობებში გაურკვევლობა, კონფლიქტი, დაპირისპირება, სამსახურში დაძაბულობა, დამოკიდებულებების შეცვლა, იდეების გადადება ამ პერიოდს ახასიათებს.
შეიძლება, კომუნიკაცია გაგიჭირდეთ და ემოციებიც ვერ გააკონტროლოთ, ამან კი სერიოზულ დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. ამიტომაც, იცოდეთ, რომ თუ ახლა მომატებულ შფოთვას გრძნობთ, ეს ეტაპი ნელ-ნელა გაივლის და მოტივაციის პოვნას ისევ შეძლებთ. მთავარია, ახლა იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ დაანგრიოთ.
ასევე, ამ პერიოდში სიტყვები, ფრაზები განსაკუთრებით ფრთხილად შეარჩიეთ და თუკი კოლეგის, თანამშრომლის გაკრიტიკებას გადაწყვეტთ, მაქსიმალურად ეთიკური ფორმით გააკეთეთ, რადგანაც ასტროლოგების თქმით, რეტროგრადული ცერერას დროს ნებისმიერი შენიშვნა მტრულ დამოკიდებულებად აღიქმება.
გარდა დაძაბულობისა, შესაძლოა საკუთარ თავში ბევრი გამორჩეული თვისება აღმოაჩინოთ, ნახოთ, რომ იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე წარმოგედგინათ, იმაზე უკეთ შეგიძლიათ რაღაცების გაკეთება, ვიდრე გეგონათ. ეს კი ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ, რომ სამომავლოდ წარმატებას მიაღწიოთ და აკეთოთ ის, რაც მთელი გულით გიყვართ.
წყარო – “ბომონდი”
