როგორ უნდა შეეგებოთ ხარებას და რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ამ დღეს? ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა… და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”.
ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ – თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
ეს კი ხარების დღესასწაულზე სათქმელი ტროპარ-კონდაკია:
ტროპარი:
დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.
კონდაკი:
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.