რუსთაველი ლიზა ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, თუმცა საქმე, რომელსაც ის აკეთებს, საუკუნეებს ითვლის. პატარა გოგონამ ხელი საკმაოდ სერიოზულ და რთულ მიმდინარეობას მიჰყო და ახერხებს, რომ საკუთარი ნამუშევრებით კალიგრაფიის ცნობილი ოსტატები გააოცოს.
“მე ვარ ლიზი ქაბზინაძე, 9 წლის და ვსწავლობ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის მე-4 კლასში.
“უკვე 2 წელია, რაც კალიგრაფიის ხელოვნებას ვეუფლები და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ დეტალს ვსწავლობ. ვცდილობ, დეტალურად შევასრულო მასწავლებლის მითითება. დათო მასწავლებელი ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უდგება, სურს ყველანაირი ხელნაწერი მოგვარგოს, შეგვირჩიოს ჩვენთვის საუკეთესო, თუმცა ძირითადი მოხაზულობა და სტილი მაინც მოსწავლის უნარზეა დამოკიდებული. ერთიდაიგივე მონახაზი, ასო ან სტილი ყველას სხვადასხვაგვარად გამოსდის, ხელის კარგი გავარჯიშებაა საჭირო, ბევრი უნდა იმუშაო, რომ ნაწერი კარგად შეფასდეს.
ამ ეტაპისთვის, დაახლოებით 50 ნამუშევარი მაქვს შესრულებული. მინდა აღვნიშნო, რომ წერის ხელოვნებასთან ერთად, უძველესი ხელნაწერების ისტორიასაც ვეცნობი. ვსწავლობ ქართველი მეფეების ქრონიკებს, ბიბლიას და წმინდანთა ცხოვრებას. ყველა ჩემი ნამუშევარი ისტორიული შინაარსისაა.
წერის დროს უფრო ხშირად ვიყენებ გუაშს, რომელსაც წყალში ვაზავებ. ფერების არჩევანიც დიდია და კარგი ხარისხის მელნისგან განსხვავებით, ყველგან იყიდება. ვიყენებ ფუნჯებს, რომელიც ძირითადად დეკორის დამუშავების დროს მჭირდება. კალიგრაფიულ ნამუშევარში დიდი ადგილი ნაწერთან ერთად დეკორს და საზედაო ასოს უჭირავს. ეს ერთგვარ ხიბლს სძენს მას.
ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო კალიგრაფიის კონკურსებში. პირველად, როცა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, მეორე კლასში ვიყავი, ონლაინ ჩატარდა. თუმცა, არ დაიჯერეს, რომ ნამუშევარი ჩემი დაწერილი იყო და გვთხოვეს წერის პროცესის ვიდეო გაგვეგზავნა. ამ კონკურსში 1-ელი ადგილი და სტიპენდია დავიმსახურე, რამაც მეტი სტიმული მომცა და ყოველ ჯერზე ვცდილობდი უფროდაუფრო ლამაზად დამეწერა. შემდეგ კონკურსში, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, 500 კალიგრაფი იღებდა მონაწილეობას. მათგან მხოლოდ 32 გახდა ფინალისტი, მე და ჩემი ძმაც მოვხვდით ფინალისტებს შორის, სადაც ასაკობრივი ზღვარი არ იყო დაწესებული და ყველა ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. კონკურსი “საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის” მიერ იყო ორგანიზებული, სადაც ჩვენ დამფუძნებელთა რჩეულნი გავხდით.
მომავალში აუცილებლად უფროდაუფრო დავხვეწ კალიგრაფიას. ბევრი სხვა გატაცებაც მაქვს. სკოლაშიც კარგად ვსწავლობ. მათემატიკა მიყვარს. რამდენჯერმე გავიმარჯვე კიდეც მათემატიკის კონკურსში და პირველი ადგილი ავიღე. ასევე მიყვარს ჭადრაკი და შიდა სასკოლო ჩემპიონატში სულ პირველ ადგილს ვიკავებ. ჯერ არ ვიცი რა პროფესიას დავეუფლები, თუმცა დღეს რასაც ვაკეთებ, მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს ძალიან”.
წყარო – “ინფო რუსთავი”