ინფექციონისტმა, მარინა ენდელაძემ, პანდემიის პერიოდი გაიხსენა, ისაუბრა პირასზე და თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიაზე, გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა.
გთავაზობთ ენდელაძის ინტერვიუს “სარკესთან”:
“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, დატვირთულები ვიყავით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც, უარყოფითად მაინც არ ვიხსენებ იმ დროს, რადგან მაინც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. იყო ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე , რამაც გაგვაძლებინა და გადაგვატანინა ის პერიოდი.
ტრაგიკული დღეც ბევრი გვქონდა. მძიმე განცდები ახლდა პაციენტების გარდაცვალებას, რაც ნებისმიერი ექიმისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ გადარჩენილი და მადლიერი პაციენტები რომ ჭარბობს, ეს მნიშვნელოვანია და გაძლიერებს კიდეც“, – ამბობს ენდელაძე.
როგორც ენდელაძე აღნიშნავს, პანდემიის მძიმე დღეებმა და ფატალურმა შემთხვევებმა საკუთარი შვილის ტრაგედიაც კი დაავიწყა.
“ჩემი შვილის ტრაგედია დამავიწყა იმ დღეებმა, ისე მძიმედ ვიყავი ადამიანების გარდაცვალების გამო.
შვილიშვილი ჩემი შვილის ასლია გარეგნობით, ყველაფრით. მისთვის ვცხოვრობ… 27 მარტი ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა და ძალიან მძიმე დღეები მაქვს ახლა. ყველა დღე ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმში რაღაც უფრო ძალიან მწვავდება… სხვა წვაა.
ცოტნე, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, 13 წლის ასაკში უკვე ცნობილი ჩოგბურთელი იყო. მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველი გახლდათ რეიტინგში 14 წლამდე ასაკში. 13 წლის იყო, მამამისის რომ გარდაიცვალა. ცოტნე მამამისივით ძალიან ნიჭიერი, არაორდინარული და განსხვავებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩოგბურთის გაგრძელება აღარ მოუნდა. მამამისი მისთვის ყველაფერი იყო, სულ ერთად დადიოდნენ ტურნირებზე…“, – ამბობს ინფექციონისტი “სარკესთან”.