ავსტრიელმა მეცნიერბმა კორონავირუსის მსუბუქი ფორმის სიმპტომები ჯგუფებად დაჰყვეს. ამასთან, მათ განსაზღვრეს სისხლის ბიომარკერები, რაც მკურნალობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. კვლევის შედეგები ჟურნალ Allergy-ში ვრცელდება.
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის, ინფექციური დაავადებებისა და იმუნოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა იმუნოლოგ ბინფრიდ პიკლის და ალერგოლოგ რუდოლფ ვალენტას ხელმძღვანელობით შედარებითი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოვიდის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულმა 109 პაციენტმა და 98-მა ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელთაგან შეიქმნა საკონტროლო ჯგუფი.
ავტორებმა კვლევაში კორონავირუსის მსუბუქი ფორმის 7 სიმპტომი გამოყვეს:
გრიპის სიმპტომები – ცხელება, შემცივნება, დაღლილობა და ხველა;
გაციების სიმპტომები – რინიტი, ცემინება, ყელის სიმშრალე, „ცხვირის გაჭედვა“;
კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
თვალის და ლორწოვანი გარსების ანთება;
სუნთქვის გაძნელება – პნევმონია და უკმარისობა;
კუჭ-ნაწლავის პრობლემა – დიარეა და პირღებინება, ასევე თავის ტკივილი;
ყნოსვის და გემოს დაკარგვა.
პირველ სამ ჯგუფს მკვლევარები სისტემურ სიმპტომებს მიაკუთვნებენ, ბოლო ორს კი – ორგანოსპეციფიკურს. ავტორების აზრით, ასეთი დაყოფა აუცილებელია სწორი დიაგნოსტირებისთვის ავადმყოფობის საწყის ეტაპზე.
„აღმოვაჩინეთ, რომ ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ძირითადად, გავლენას ახდენს ახალი იმუნური რეაქციის მქონე ადამიანებზე. ეს იმუნური რეაქციები იზომება იმუნური უჯრედების, T ლიმფოციტების რაოდენობით, რომელთა ინდუქცირებას თიმუსის ჯირკვალი ახდენს”, – აცხადებს ვინფრიდ პიკლი.
ამავდროულად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსუბუქი ფორმის კორონავირუსი, განკურნების შემდეგ, იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ტოვებს, რაც კარგად იკვეთება ავადმყოფობის მეათე დღეს. ამის ერთ-ერთი ნიშანია გრანულოციტების დაბალი დონე – ლეიკოციტები, რომლებიც ბაქტერიულ პათოგენებთან ბრძოლაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს კი, ავტორების აზრით, აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხია მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრისა და ვაქცინის შემუშავების პროცესში.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ორგანიზმში, ვინც COVID-19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანა, T-ლიმფოციტების CD4 და CD8 კომპარტმენტკებში მეხსიერების უჯრედები განვითარდა, CD8 Т-ლიმფოციტები კი დიდხანს აქტიურები დარჩნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც იმუნური სისტემა ძველებურად აქტიურად აგრძელებს ბრძოლას. ამავდროულად კი რეგულარული უჯრედები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეს კი სახიფათო ნარევია, რამაც შესაძლოა აუტოიმუნურ რეაქციებამდე მიგვიყვანოს“ – განმარტავს პიკლი.
ამას გარდა, გამოჯანმრთელებულების სისხლში აღმოჩნდა ანტისხეულების წარმომქმნელი იმუნური უჯრედები და რაც უფრო მაღალი ჰქონდა ინფიცირებულს ცხელება ავადმყოფობის დროს, მით მეტი იყო ანტისხეულების დონე.
„ჩვენი კვლევა უპირველეს ყოვლისა აჩვენებს, რომ COVID-19-ით ინფიცირებისას ადამიანის იმუნური სისტემა აორმაგებს ძალისხმევას იმუნური უჯრედებისა და ანტისხეულების კომბინაციით. ეს თანამედროვე ფეხბურთის გუნდს ჰგავს, რომელიც დაცვას აძლიერებს – მეხსიერების უჯრედებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ ვირუსის „სვლები“ და რეაგირება მოახდინონ მათზე. ახლა უკვე საუბარი იმაზეა, რომ ამ კვლევის შედეგები ვაქცინის წარმოებისას გამოიყენონ“, – აცხადებს მეცნიერი.
ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ გამოვლენილი ბიომარკერები არამხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინის შემუშავებას შეუწყობენ ხელს, არამედ დაავადების მონიტორინგის უფრო ზუსტი სისტემის შექმნის შესაძლებლობასაც იძლევიან.
წყარო: “პრაიმტაიმი.”