ვლოგერი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ერთ გოგოს ვიცნობდი 90-იანებში. ჩემს სტუდენტ მეგობრებთან ერთად ქირაობდა სახლს მცხეთის ქუჩაზე.
ომის დროს აფხაზეთში ვნახე. აქ რას აკეთებ-მეთქი. ფილმში მიღებენო.
ისეთი ლამაზი იყო: თეთრი, შავ თვალ-წარბა, ანათებდა. არადა, თბილისში სულ არ მეჩვენებოდა ასეთი ლამაზი. შეყვარებული და ბედნიერი იყო და ეს ეწერა სახეზე.
ხაინდრავა იღებდა “ოცნებების სასაფლაოში”.
ომის მერე კარგახანს არც ამ ფილმზე
მსმენია რამე და არც – მასზე. რაღაცნაირად გაქრა. დაიკარგა. ვარსკვლავი გოგო, რომელმაც ომის ფილმში ითამაშა აფხაზი გოგოს როლი (იქაც – შეყვარებულის, ქართველზე).
მოგვიანებით გავიგე, რომ თბილისში, რკინიგზის სადგურზე იპოვეს, შემზარავ მდგომარეობაში – თავი ჰქონდა მოკვეთილი.
პატარა გოგონა ჰყოლია, რომელსაც ბებია ზრდიდა. “იმ ფილმის მერე ცხოვრების აწყობას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიწყო, ყველამ კარები მიუხურა და ბავშვით ხელში რეალურად ქუჩაში დარჩაო”- დედამისი ჰყვებოდა.
ისე ხშირად ვფიქრობ ამ გოგოზე. მის ტრაგიკულ ბედისწერაზე… სულ ის მახსენდება, როგორ ბრწყინავდა იქ, აფხაზეთში სიყვარულისგან და ბედნიერებისგან.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ანა კარენინასავით, სიყვარულს ემსხვერპლა.