მიმდინარე წელს პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში არჩევნები მაინც ჩატარდა. 1-ელ ოქტომბერს ამ ქვეყნების რიგს საქართველოც შეუერთდება. როგორ შეიცვალა წესები და რას გულისხმობს უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის დამტკიცებული კოვიდპროტოკოლი, რომელიც ცესკომ ჯერ კიდევ 18 სექტემბერს გამოაქვეყნა?
დოკუმენტის მიხედვით:
კენჭისყრის შენობის შესასვლელთან დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო (სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი) ხელის დასამუშავებელი ხსნარი უნდა განთავსდეს.
საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.
კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურები, სამუშაო მაგიდების და ა.შ.) სათანადო წესით დეზინფექცია ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
პერიოდულად, დღის განმავლობაში რამდენჯერმე, კენჭისყრის შენობების ბუნებრივი ვენტილაცია უნდა მოხდეს.
კენჭისყრის შენობაში გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი უნდა განთავსდეს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მეთვალყურეები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში პირბადით, სახის დამცავი ფარით, ხელთათმანებით და ხელის სადეზინფექციო ხსნარით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.
მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩდნენ.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება შეძლონ.
პროტოკოლის მიხედვით, ფარული კენჭისყრის კაბინების დიზაინიც შეიცვალა. ყველა ამომრჩეველს კაბინის ფარდასთან შეხება უწევს, რაც ეპიდემიის შესაძლო გავრცელების რისკს ზრდის. აქედან გამომდინარე, კაბინებს ფარდები არ ექნებათ. კაბინის შესასვლელი ერთი მხრიდან გახსნილი იქნება და გახსნილი მხარე მიმართული იქნება შენობის კედლისკენ იმგვარად, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს.
საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, ტემპერატურის დაფიქსირების მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ შეეზღუდებათ. ამასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ „მათ ძალიან მცირე ხნით უწევთ კონტაქტი კენჭისყრის მიზნებისთვის. 15 წუთზე ნაკლები იქნება კონტაქტი, რაც არაა სარისკო კონტაქტი საერთაშორისო სტანდარტით“. საარჩევნო უბნებზე მოქალაქე, მხოლოდ პირბადით დაიშვება. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს საკუთარი ნიღაბი არ ექნება, მას ადგილზე შესთავაზებენ.
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, ასევე, რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ მოქალაქის ვინაობის შემოწმების დროს, ამომრჩეველი ვალდებულია, პირბადე დროებით მოიხსნას.
პირბადის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამომრჩეველი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში და/ან მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა.
პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება უჭირს და ეს, სამედიცინო/ექიმის ცნობით დასტურდება.
უსაფრთხოების მიზნით ამომრჩეველს ერთჯერადი კალამი გადაეცემა, რომელსაც, როგორც რეგისტრაციის გავლისას, ასევე, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას გამოიყენებს. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მიერ გამოყენებული საწერი კალმებისთვის კონტეინერი უნდა განთავსდეს, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, გამოყენებული კალმისტარი უნდა მოათავსოს.
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა უნდა უზრუნველყოს. თვალყური ადევნოს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან, არ დაუშვას სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭისყრის ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლა დროებით შეაჩეროს.
პროტოკოლის მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელში, ყველა პირს (ამომრჩევლების გარდა) თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში) ექვემდებარება. განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა, პარტიას, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, მის ნაცვლად საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი ან წარმომადგენელი დაუყონებლივ დანიშნოს.
კომისიის წევრისთვის ცხელების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყონებლივ უნდა აცნობოს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშნავ პარტიას.