თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს ძლიერ წყვილთა შორის გამორჩეული ადგილი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ოლენა ზელენსკაიამ დაიკავეს.
„ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, გიყურებთ და მეამაყებით, დღეს მე არ ვიქნები პანიკაში, ვიქნები მშვიდი და თავდაჯერებული, რადგან ჩემი შვილები მიყურებენ. მე ჩემს ქმართან ვიქნები, ვიქნები თქვენთან ერთად“ – ასე მიმართა პირველმა ლედიმ უკრაინელ ხალხს ომის დაწყების დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკის ოჯახია, ოლენამ
მეუღლე არ მიატოვა და უკრაინაში დარჩა. ის საკუთარი ძალებით ცდილობს, დაანახოს მსოფლიოს უკრაინის ტკივილი და პუტინის აგრესია. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ოლენამ საკუთარი სოციალური ქსელები საბრძოლო იარაღად მომართა და იქიდან საზოგადოებას ყოველდღიურად ესაუბრება, ამხნევებს, აიმედებს და მოქმედებისკენ მოუწოდებს.
მოუხედავად ამისა, ოლენა ზელენსკაია ქმრის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში წასვლის შესახებ ასეთივე შემართებით არ შეხვედრია. ხვდებოდა, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა, სირთულეები გაჩნდებოდა. მეტიც, ოლენამ ქმრის პრეზიდენტობის კანდიდატად დაყენების შესახებ სოციალური მედიის საშუალებით გაიგო. ვოლოდიმირის ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ცოლისთვის თქმა დაავიწყდა.
ვოლოდიმირმა და ოლენამ ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნეს, თუმცა მათი გზები უნივერსიტეტში სწავლის დროს გადაიკვეთა. გოგონა არქიტექტურას სწავლობდა, მისი მომავალი ქმარი – სამართალს. 8-წლიანი სიყვარულის ისტორია კი ბოლოს ქორწინებით დაგვირგვინდა და ახლა მათ ორი შვილი ჰყავთ.
ოლენა არამხოლოდ ომისა და დაძაბულობის დროს, არამედ მშვიდ ვითარებაშიც ქმრის გვერდითაა. მედიას არ გამოჰპარვია, რომ პირველი ლედი მეუღლეს ყველა შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე თან ახლავს. სიყვარულს კი არც საჯაროდ მალავენ და გრძნობებს სოციალურ ქსელშიც გამოხატავენ.
წყარო – marao.ge