საქართველოში მარილს იმაზე ორჯერ მეტ დოზას მოიხმარენ, ვიდრე ეს ჯანმოს რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. დასკვნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადო.
ბევრი მარილის მოხმარება კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. ექსპერტებმა, მედიკოსებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.
“მნიშვნელოვანია, იმ სრული პაკეტის განხორციელება, რასაც მარილის ნაკლები მოხმარების კუთხით ჯანმო გვთავაზობს. ეს მოიცავს, როგორც საკომუნიკაციო კამპანიას, ასევე ოჯახის ექიმების მიერ თითოეულ პაციენტთან აქტიურ მუშაობას, მარილის მოხმარების რეკომენდაციის კუთხით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
კონფერენციაზე, სპეციალისტებმა მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.
“საქართველოში მაღალი არტერიული წნევა მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აწუხებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ქვეყანაში მარილის მოხმარება ძალიან მაღალია, განსაკუთრებით მამაკაცებში. ეს ჯანმოს რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში მარილის მოხმარება, კულტურულ ასპექტებთან არის დაკავშირებული. ადამიანები მარილს, საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდ პრობლემას წარმოადგენს”, – ამის შესახებ ჯანმოს მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ განაცხადა.
