“ეს პატარა ქუჩა, რომელსაც ჩვენ ახლა ავუყვებით, ერთმა შეყვარებულმა კაცმა საყვარელ ქალს აჩუქა. ბოლოში რომ სახლს ხედავთ, ისიც უსახსოვრა, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი სევდიანად დასრულდა”, – გვიამბობს გიდი, რომელიც თორაძის ქუჩისკენ მიგვიძღვის.
თბილისელი მდიდარი ვაჭრის მიქაელ არამიანცის გამდიდრების, თბილისური ცხოვრებისა და სიღატაკეში გატარებული სიცოცხლის ბოლო წლებზე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა კოსტავას ქუჩიდან თორაძის ქუჩამდე მიმავალი გზა თუ მის შეყვარებულს ეკუთვნოდა, ალბათ, ცოტამ იცის. ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქალაქს სავიზიტო შენობები აჩუქა, სად არიან ახლა მიქაელ არამიანცის შთამომავლები? – ამ კითხვებზე საპასუხოდ ლონდონში მის შვილთაშვილს დავუკავშირდით.
ყარაბაღელი ბიჭის ახდენილი ოცნებები
მიქაელ არამიანცი 1843 წელს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში დაიბადა. 28 წლისამ აბრეშუმითა და შაქრით ვაჭრობით მცირე კაპიტალი დააგროვა და ოცნება აისრულა – თბილისში ჩამოვიდა. ძალიან მალე პირველი მილიონიც დააგროვა, ვაჭრობდა აბრეშუმით, შალით. 1884 წელს თბილისიდან ბაქოში გადაბარგდა ცოლთან ერთად სადაც ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად ნავთობის კომპანია დააარსა. არამიანცის ბიზნესიმპერია თანდათან უზარმაზარი გახდა. მოგვიანებით ალექსანდრე მანთაშოვმა ფარულად დაიწყო კომპანიონების აქციების შესყიდვა და სხვა აქციონერების ბიზნესიდან განდევნა. როცა მიქაელის რიგი დადგა, მან ერთადერთი ფრაზა უთხრა ძველ მეგობარს – არ დაგავიწყდეს, ამ საქმეზე ვინ დაგაყენაო, და გავიდა საქმიდან. ბაქოდან ჩამოსული არამიანცი თბილისში დაფუძნდა.
მიქაელ არამიანცის სახელს არაერთი ცნობილი შენობა უკავშირდება: სასტუმრო “მაჟესტიკი”, არამიანცის საავადმყოფო, რომელიც საკუთარი სახსრებით ააშენა და აღჭურვა, სამსართულიანი სახლი ოლღას ქუჩაზე (ახლანდელი მერაბ კოსტავას ქუჩა).
თბილისს შემორჩენილი უიღბლო სიყვარულის ქუჩა
1878 წელს არამიანცი ცნობილი თბილისელი კომერსანტის 18 წლის ქალიშვილზე, ეხისაპეტ შოლკოიანცზე დაქორწინდა. ახალგაზრდა ქალს მუდმივად გართობაზე ეჭირა თვალი, თბილისელ ალფონს გევორქ შალამიანსა და ბაქოს გუბერნატორობის კანდიდატ ვარლამოვთან მის რომანზე მთელი ქალაქი ჭორაობდა, არ სჯეროდა მხოლოდ მიქაელს, სანამ სატრფიალო ბარათი არ ჩაუვარდა ხელთ, მხოლოდ ამის შემდეგ გაშორდა ცოლს.
პირად ცხოვრებაში უბედურ არამიანცს, მრავალწლიანი მარტოობის შემდეგ, როგორც იქნა, ბედნიერება ეწვია – ევგენია შხიანცი შეუყვარდა. სამწუხაროდ არც მეორე ქორწინება გამოდგა იღბლიანი, ევგენიამ არამიანცს თავისივე ექიმთან უღალატა. ეს ამბავიც სევდიანად დასრულდა, თუმცა მათი სიყვარული თბილისის ურბანულ ისტორიაზე აისახა – არამიანცის ინიციატივით პატარა ქუჩას, რომელიც ოლღას ქუჩას უკავშირდებოდა, ევგენიას სახელი ეწოდა, ქუჩის ბოლოს სამსართულიანი სახლის ეზოში კი ბრინჯაოს ირმის ქანდაკება არამიანცმა ევგენიასთვის პარიზში ჩამოასხმევინა. მას შემდეგ, რაც მეცენატს ცხოვრება თავზე ჩამოექცა, სულიერად განადგურებულმა ძალა მოიკრიბა, რომ ტკივილისთვის გაეძლო და როცა ჭრილობა თითქმის შეუხორცდა, გაქცეული სატრფო დაბრუნდა; დაბრუნდა ავადმყოფი და მომაკვდავი. დიდსულოვანმა და მოსიყვარულე არამიანცმა მიუტევა და ევგენიამ მიქაელის ხელში დალია სული.
ეხისაპეტთან ქორწინებიდან მიქაელ არამიანცს ხუთი შვილი დარჩა, რომლებიც უსაზღვროდ უყვარდა. ბედისწერით მიყენებული ამდენი დარტყმის მერე საქმესა და შვილებზე იყო გადაგებული. ააგო მდიდრული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, “არფასტო” უწოდა (ახლა ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტია განთავსებული).
გოლოვინისა და ბარიატინსკის ქუჩების კუთხეში (დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი და გიორგი ჭანტურიას ქუჩა) იდგა როტინიანის სახლი, სადაც ცნობილ ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს ატელიე ჰქონია. არამიანცმა სახლი შეისყიდა და ევროპის საუკეთესო სასტუმროების სანახავად არქიტექტორი გაბრიელ ტერ-მიქაელიანი პარიზში მიავლინა. სასტუმრო “მაჟესტიკის” (ფრანგულად “ზღაპრულს” ნიშნავს) მშენებლობა 1915 წელს დასრულდა და პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მიანიჭეს.
1903 წლის 14 აპრილს არამიანცმა ქალაქის თავს წერილი მისწერა: “მაქვს პატივი, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებასა, რომ ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას 100.000 მანეთს ვწირავ”. წერილში არამიანცი იმასაც წერდა, რომ საავადმყოფოსთვის მისი სახელი ეწოდებინათ. საავადმყოფო რამდენიმე წელს შენდებოდა და 1909 წლის 21 დეკემბერს გაიხსნა. საავადმყოფოს მიქაელ არამიანცი საკუთარი სახსრებით ინახავდა, ავადმყოფების გადასახადებსაც იხდიდა და თანამშრომლების ჯამაგირსაც.
მიქაელის ქალიშვილის ანა არამიანცი-როტინიანის შთამომავალი ალექსანდრე დ’ ჯანოევი ლონდონში ცხოვრობს. ის თავის ოჯახსა და წინაპრებზე ექსკლუზიურად “კვირის პალიტრის” მკითხველს უამბობს.
– მიქაელ არამიანცი დედის მხრიდან ჩემი დიდი ბაბუა იყო. ანა არამიანცი ჩემი ბებია გახლდათ. ბებია ანამ მომავალი მეუღლე, არქიტექტორი ალექსანდრე როტინიანი მაშინ გაიცნო, როდესაც მამამისი სასტუმრო “მაჟესტიკის” ასაშენებლად ადგილს ეძებდა. ახლა იქ “თბილისი მარიოტი” დგას.
დედაჩემი, მარგარიტა როტინიანი, 1917 წელს მშობლებთან ერთად პეტერბურგიდან ლონდონში ჩამოვიდა ბიძაჩემთან, გიორგი როტინიანთან. ამ დროს რევოლუცია მოხდა და როტინიანები ბრიტანეთში დარჩნენ. პეტერბურგში რაც გააჩნდათ, ყველაფერი დაკარგეს. დედამ ლონდონის სამეფო აკადემია დაამთავრა. ნიჭიერი პორტრეტისტი იყო, ლონდონსა და პარიზში რამდენიმე ჯილდოც მიიღო. მამაჩემის დედის, ოგანეზოვების ოჯახს მარგანეცის საბადოები ჰქონიათ დასავლეთ საქართველოში. ჩემი დედ-მამა ერთმანეთს ბრიტანეთში შეხვდა.
ვიცი, რომ მიქაელმა არაერთი შესანიშნავი შენობა ააშენა თბილისში. ჩემი მშობლები და ბებია მიყვებოდნენ, რომ მას ძალიან უყვარდა თბილისი, ზრუნავდა თბილისელებზე, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყვნენ, რა წარმომავლობის. განათლება და ქველმოქმედება იყო მისი მთავარი საზრუნავი. მე მისი წერილი მაქვს შენახული, რომელიც შვილსა და შვილიშვილებს მოსწერა 1921 წელს სასტუმრო “მაჟესტიკის” ფურცელზე. მაშინ უკვე სიღარიბეში ცხოვრობდა. წერს, რომ მამობასაც და დედობასაც თავად უწევდა შვილებს. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ მიქაელს თურმე საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება.
– მიქაელ არამიანცის საქველმოქმედო საქმეებზე ბევრი გვსმენია, თუმცა მის შთამომავლებზე არაფერი ვიცით.
– მე 66 წლის ვარ, ლონდონთან ახლოს, უინძორში დავიბადე. არქიტექტორობა მინდოდა, მაგრამ ისეთი სამუშაო უნდა მეპოვა, რაც ოჯახის რჩენაში დამეხმარებოდა. ამიტომ ფინანსების შესწავლა დავიწყე და საფინანსო კომპანიებში ვმუშაობდი, ახლა კი ქველმოქმედებითა და კონსულტაციებით ვარ დაკავებული. ჩემი მეუღლე ინგლისელი ადმირალის, ბარონ როდნის პირდაპირი შთამომავალია. ერთი ქალიშვილი გვყავს, კატია, 24 წლის, მომღერალი და კომპოზიტორია. სხვათა შორის, თბილისში აპირებს დასახლებას.
– როგორც ვიცი, ხშირად სტუმრობთ თბილისს. – წელიწადში ერთხელ ჩამოვდივართ.
P.S. ტფილისის საპატიო მოქალაქემ, უმაღლესი გილდიის ვაჭარმა, მილიონერმა მიქაელ არამიანცმა, 1922 წელს სიღატაკეში ახლანდელი მაჩაბლის ქუჩაზე საკუთარი სახლის სარდაფში 79 წლის ასაკში დალია სული. ბოლშევიკებმა მას ყველაფერი წაართვეს. ის ქალიშვილ ფლორასა და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. არამიანცის დაკრძალვაზე მთელმა თბილისმა მოიყარა თავი, ის ხოჯევანქის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. წლების შემდეგ კომუნისტებმა სასაფლაოზე დიდი პარკი გააშენეს და არამიანცის საფლავი სამუდამოდ დაიკარგა.
წყარო: kvirispalitra.ge