გუშინ გლდანში 4/6-ე მიკრორაიონების გზაგასაყარზე უბედური შემთხვევა მოხდა. იქვე მდებარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მეპატრონე, 51 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს, თუმცა იმის გამო, რომ მოქალაქეებმა სასწრაფოს გზა არ დაუთმეს, დაგვიანდა.
ტრაგიკული ამბის დეტალებზე „პრაიმტაიმთან“ გლდანის რაიონის მაცხოვრებელი, სოფო გოგიაშვილი საუბრობს.
“გარდაცვლილს დიდი ხანია ვიცნობთ. გლდანში ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჰქონდა. დილით ისე არ გავივლიდით, რომ არ მივსალმებოდითდა არ მოგვეკითხა ერთმანეთი. გუშინ მაღაზიის წის იჯდა, ცუდად გამხდარა და წამომდგარა. მეზობელმა თქვა, ღებინება დაეწყო და მოფარებულში გავიდაო. ავტოფარეხებისკენ გასულა და სწორედ იქ წაიქცა. აღნაგობით ძალიან დიდი კაცი იყო, ვერავინ შეძლებდა მის წამოყენებას.
იქვე მდგარმა ტაქსის მძღოლებმა სასწრაფო გამოიძახეს და შემდეგ ოჯახს შეატყობინეს. ატყდა წივილ-კივილი. მთელი უბანი შეიყარა” – ამბობს სოფო გოგიაშვილი.
გარდაცვლილს 2 შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა.