მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე და თბილისის საპატიო მოქალაქე რეზო ასათიანი ქორწინების 48 წლისთავს აღნიშნავენ. მათ საკუთარი ურთიერთობის შესახებ “სხვა რაკურსის” ეთერში ისაუბრეს.
ირმა სოხაძე: 16 წლის ვიყავი, რეზო პირველად რომ დავინახე. მაშინ სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. მაგრამ გული ახტა და დახტა. 19 წლის გავთხოვდი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კარგი განწყობა, გარეგნობა, მეგობრები, მათთან ურთიერთობა და იგივეა ოჯახური ურთიერთობა. მისთვის უნდა ვიყოთ უფრო მეტად საინტერესო.
სიმართლე გითხრათ, „გავიდა ხუთი წელი და მასთან
ცხოვრება აღარ შემიძლია“, არ ყოფილა. როცა ქვეყანას უჭირდა, ჩვენც გვიჭირდა, მაგრამ გაუსაძლისი პერიოდები არ ყოფილა. რაღაცები უნდა დათმო, არაა ტრაგიკული რამეს დათმობა. იმედია, არ ჩათვლიან, რომ ჩვენ აზრს ვინმეს თავზე ვახვევთ, მაგრამ თუ ძალადობას არ ეხება საქმე, უმჯობესია, წვრილმანების გამო არ დაკარგონ ერთმანეთი.
რეზო ასათიანი: ამ თემაზე ლაპარაკი არ შემიძლია, ეს ირმამაც კარგად იცის. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თუ ისეთი სიტუაცია არაა, რომ მასთან შანსი არაა გაძლო, ჯობია, ოჯახი წვრილმანებისთვის არ დაანგრიო. იმდენად საინტერესოა სიბერეში შვილიშვილების ყურება, რომ ის ბევრად სჭარბობს, იმ წვრილმან სირთულეებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხვდება ადამიანს.
როცა უნდა დავოჯახებულიყავით, ვუთხარი, სიმღერას თავი უნდა დაანებო- მეთქი. ისეთი ჭკვიანი ქალი იყო, მითხრა, დავანებებ, აბა, რას ვიზამო. სამი თვის შემდეგ მე ვიდექი ამასთან ერთად სცენაზე და ვმღეროდი. ძალიან ეჭვიანი არ ვყოფილვარ. წვრილმან რაღაცებზე ვეჭვიანობდი, მაგალითად, ვეუბნებოდი, რა და როგორ ჩაეცვა და მიჯერებდა. ხვდებოდა, რომ მართალს ვეუბნებოდი.